კახა კალაძემ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებთან ონლაინშეხვედრა გამართა
კახა კალაძემ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებთან ონლაინშეხვედრა გამართა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გამართა.

დედაქალაქს მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რა პრობლემები შეექმნა სამშენებლო ბიზნესს კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

„თქვენი მიმართულება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესია, როგორც ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ისე ადამიანების დასაქმების მიმართულებით. შესაბამისად, გვაინტერესებს თქვენი მოსაზრებები, თუ რა პრობლემებს აწყდებით დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა იმყოფება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში და დაწესებულია მთელი რიგი შეზღუდვები“, – მიმართა კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს.

შეხვედრა, რომელშიც 30-მდე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კახა კალაძემ დეველოპერებს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური დახმარება აღუთქვა.