კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 22 ოჯახს გადასცა
კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 22 ოჯახს გადასცა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 22 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

კახა კალაძის თქმით, წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამას დედაქალაქის მერია მომავალშიც გააგრძელებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომლითაც ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. მე, როგორც ქალაქის მერს და როგორც რიგით მოქალაქეს, ძალიან მიხარია, რომ ამ ნაბიჯით, განხორციელებული პროექტებითა და პროგრამებით მუნიციპალიტეტი ბევრ ადამიანს ახარებს და აბედნიერებს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და გავაგრძელებთ. ვიცით, რომ ეს პრობლემა ბევრ ოჯახს აწუხებს. დედაქალაქის მერია გამგეობასთან ერთად მზადაა, ყველა ოჯახს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს, დაეხმაროს და ხელი მაქსიმალურად შეუწყოს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭიჭინაძის N10ა-ში ცხრა ოჯახი 90-იანი წლებიდან ცხოვრობს, თუმცა ამ დრომდე ვერ შეძლეს ფართების დაკანონება. 15-წლიანი ლოდინის შემდეგ, საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ მუხაძის ქუჩის N15-ში მცხოვრებ 13 ოჯახს.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, კახა კალაძის მერობის პერიოდში, საცხოვრებელი ფართები დაახლოებით 800-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.

დღევანდელ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ქეთევან მამულაშვილი.