კახა კალაძემ ნარკოტესტზე ანალიზები ჩააბარა - აქ არის პასუხები, სუფთა ვარ ყველანაირად
კახა კალაძემ ნარკოტესტზე ანალიზები ჩააბარა - აქ არის პასუხები, სუფთა ვარ ყველანაირად

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოტესტი ჩააბარა. კალაძის თქმით, მან ეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის გააკეთა.

კალაძემ მოუწოდა მერობის ყველა კანდიდატს, რომ ნარკოტესტი ჩააბარონ.

„ანალიზები ჩავაბარე. რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. აქ არის პასუხები, სუფთა ვარ ყველანაირად. შესაბამისად, სუფთა არჩევნები და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის. ასევე, მოვუწოდებ ყველა კანდიდატს, გააკეთოს ანალოგიური და საზოგადოებას წარუდგინონ შედეგები. მინდა, მივმართო ასევე სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, მათ აქვთ უფლება, მონაცემები გაასაჯაროონ და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის მოთხოვნით, მას სტანდარტული, ხუთკომპონენტიანი ნარკოტესტის ნაცვლად, რვაკომპონენტიანი კვლევა ჩაუტარდა.

„სახელმწიფო სამსახურში მისაღებ კანდიდატებს ევალებათ არანაკლებ ხუთ ნარკოტიკულ საშუალებაზე ტესტირების ჩატარება. ამ ხუთ ჯგუფს კახა კალაძის ინიციატივით დაემატა სამი ჯგუფი. რვავე ნივთიერებაზე ამ კანდიდატის შემოწმებისას მიღებულია უარყოფითი შედეგი, ანუ სუფთა აღმოჩნდა“, – განაცხადა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა, გური მენაბდიშვილმა.

დატოვე კომენტარი