კახა კალაძემ მერიის შიდა აუდიტის სამსახურს ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე შესრულებული სამუშაოებისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა დაავალა
კახა კალაძემ მერიის შიდა აუდიტის სამსახურს ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე შესრულებული სამუშაოებისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა დაავალა

მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერიის შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე შესრულებული სამუშაოებისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყოს.

„ჭარბ ნალექს რაც შეეხება, მართლაც საოცარი მდგომარეობა იყო. ალბათ, ბევრმა ნახა ვიდეოკადრები, თუ რა ხდებოდა იმ დღეს გლდანში. მე როგორც წავიკითხე გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემები, ბოლო 20 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 5-ჯერ დაფიქსირდა ასეთი უხვი ნალექი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მინდა, მერიის შიდა აუდიტის სამსახურს დავავალო, რომ აუცილებლად დაიწყოს მოკვლევა, როგორც შესრულებულ სამუშაოებზე, ასევე საპროექტო დოკუმენტაციაზე, რათა საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს. რა თქმა უნდა, სწრაფად უნდა დაიწყოთ მოკვლევა და ნახოთ ორივე ცენტრალური ქუჩის არსებული მდგომარეობა, სად არის დაზიანება ამ კონკრეტული ლოკაციის გარდა და მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა. პარალელურად, მოკვლევას ჩვენი შიდა აუდიტის სამსახურიც დაიწყებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ძლიერი წვიმის შედეგად, ვეკუა-ხიზანიშვილის ახლადრეაბილიტირებული ქუჩების დაზიანების მიზეზების შესახებ დეტალური ინფორმაცია მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანისგანაც მოისმინა.

მერის მოადგილის განმარტებით, პირველადი მონაცემებით, აღნიშნულ ქუჩებზე დაზიანება ჭარბი ნალექის შედეგად, სანიაღვრე ქსელების გადავსება-შეტბორვამ გამოიწვია.

„როგორც იცით, ახლახანს დასრულდა ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარეობდა დაექსპერტებული პროექტის მიხედვით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის მასშტაბით, რამდენიმე რაიონში პრობლემა შექმნა, მათ შორის, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე. უხვი ნალექის შედეგად, სანიაღვრე ქსელების გადავსება-შეტბორვა მოხდა, რაც პირველადი მონაცემებით, ამ დაზიანების გამომწვევი მიზეზია. იმ მომენტიდანვე, მერიის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა უახლოეს საათებში გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა და მოძრაობის გახსნა მოხდეს. მსგავსი სახის პრობლემა შეინიშნება რამდენიმე ლოკაციაზე, სადაც ინტენსიურ დაკვირვებებს ვაწარმოებთ. საჭიროების შემთხვევაში, ლოკალური ჩარევა იქაც შეიძლება მოგვიწიოს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.