კახა კალაძემ ლორთქიფანიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
კახა კალაძემ ლორთქიფანიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

სამგორის რაიონში, გრიგოლ ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

დედაქალაქის მერი ადგილობრივ მოსახლეობას ლორთქიფანიძის ქუჩაზე სკვერის მოწყობას დაპირდა.

„მოსახლეობასთან იმ პრობლემებზე ვისაუბრეთ, რომელიც აწუხებთ. მათ დავპირდი, რომ ტერიტორიაზე მათთვის და ბავშვებისთვის სკვერი მოეწყობა. გამწვანებული სივრცე და სასიამოვნო გარემო ექნებათ, სადაც დაისვენებენ. ასევე, მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არის საწარმოები, რომელიც ღამის საათებში მუშაობს. ამასაც დავარეგულირებთ და მოვასწერიგებთ. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი სამუშაოები მთელი ქალაქში მიმდინაროებს. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ერთდროულად ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბოლო წლების განმავლობაში არ განხორციელებულა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, საგზაო სამუშაოები მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა, სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა და სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა დაათვალიერეს.

„20-25 წლის განმავლობაში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული არ იყო. დავიწყეთ სამუშაოები, საკანალიზაციო სისტემა მთლიანად შეიცვალა და ორფენიანი ასფალტის გზა ეწყობა. საგზაო სამუშაოების დასრულებისთანავე, შიდა ეზოებსაც მოვაწესრიგებთ“, – აღნიშნა კახა გულედანმა.

ლორთქიფანიძის ქუჩაზე მდებარე N20-22-24 კორპუსების მიმდებარედ, ასფალტობეტონის საფარის კაპიტალური მოწყობა ხორციელდება, რისთვისაც საჭირო ნიშნულამდე გრუნტი უკვე მოიჭრა და ამჟამად, ბალასტის ნარევით კონსტრუქციის მოწყობა ხდება.