კახა კალაძემ კიშინიოვის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა
კახა კალაძემ კიშინიოვის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა

ნაძალადევის რაიონში, კიშინიოვის ქუჩაზე 5 400 კვ.მ ფართობზე სპორტული სივრცე და სკვერი მოეწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, ლოტკინის დასახლებაში ამ დრომდე მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა. მათივე ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ ფეხბურთის ძველი, დაზიანებული მოედანი იყო.

ახალი რეკრეაციული სივრცე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, მიხეილ ყაველაშვილთან და დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის მოეწყო ძალიან კარგი დასასვენებელი ადგილი. ყველა თაობაზეა მორგებული. აქ არის ატრაქციონები, ველობილიკი, სპორტული მოედნები, დასასვენებელი სივრცე. მიხარია, რომ ასეთი რეკრეაციული სივრცეები ემატება ჩვენს ქალაქს და ყველა რაიონში, ყველა უბანში გვინდა რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები ტრიბუნებით, ველობილიკი, ქვიშის მოედანი, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები და დასასვენებელი პავილიონი; მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა; შესრულდა გამწვანების სამუშაოები – დაირგო 300-ზე მეტი ნერგი და დაიგო ბალახის საფარი. მერიის ცნობით, პროექტის ღირებულება 665 000 ლარია, სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.