კახა კალაძემ გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ სამუშაოები დაათვალიერა
კახა კალაძემ გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ იმყოფებოდა, სადაც დამეწყრილი უბანი გამაგრდა.

როგორც აღინიშნა, პროექტის ფარგლებში, ამ ტერიტორიაზე მოეწყო ხიმინჯოვანი საყრდენი კედელი, ხოლო მეწყრის სტაბილიზაცია მიღწეულია ანკერების, რკინა-ბეტონის ბადეებისა და გრუნტის ცემენტის საშუალებით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ტერასებად დაიყო ფერდობი და მოეწყო ე.წ. ფრანგული კედელი. ფერდზე ასევე დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემები, რომელთა საშუალებით, კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია, 5 წლის განმავლობაში დაკვირვება აწარმოოს.

მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსებს საფრთხე აღარ ემუქრება, ასევე, დაცულია გზის სავალ ნაწილზე გადაადგილების უსაფრთხოება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და 2021 წლის აგვისტოს თვეში დასრულდა. პროექტის განხორციელებაში ჩართული იყვნენ, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი სპეციალისტები. სამუშაოები ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მიერ შესრულდა. პროექტის ღირებულება 20 872 010 ლარია.

სამუშაოები კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.