კახა კალაძე გლდანის რაიონში, გიორგიწმინდის დასახლებაში გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო
კახა კალაძე გლდანის რაიონში, გიორგიწმინდის დასახლებაში გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში, გიორგიწმინდის დასახლებაში გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო.

უხვმა ნალექმა გიორგიწმინდის ხევის ადიდება გამოიწვია. გზაზე მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მოსახლეობას პრობლემები შეუმნა.

„გლდანის რაიონში, გიორგიწმინდის დასახლებაში უხვმა ნალექმა სერიოზული პრობლემები შექმნა. აქ მიმდინარეობდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები როგორც საგზაო, ასევე ხიდის სამუშაოები. გაკეთებული იყო შემოვლითი გზა, რომელიც ფაქტობრივად უხვმა ნალექმა და ადიდებულმა მდინარემ მოანგრია. არის დაზარალებული კონკრეტულად ერთი ოჯახი, რომელსაც დაუზიანა საშენი მასალები, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით ოჯახს. აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და დილისთვის უკვე დასრულებული იქნება. შემოვლითი გზა, რომელიც ფუნქციონირებდა, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას ანუ აღვადგენთ და ხიდის სამუშაოები ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, უხვმა ნალექმა მცირე პრობლემები გამოიწვია დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, თუმცა არა იმ მასშტაბის, როგორც გიორგიწმინდის დასახლებაში.

„იყო ისნის რაიონში, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია ისევ დაიტბორა, თუმცა, ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია. ასევე, გარკვეული პრობლემები იყო მარნეულისკენ მიმავალ გზაზე, ჩამოშლილი იყო კლდე. იქაც უკვე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი ადგილზე მოადგილეებთან ილია ელოშვილთან და ირაკლი ბენდელიანთან, ასევე გლდანის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად იმყოფებოდა.