კახა კალაძე - ზოგიერთი ტელევიზია თეთრზე პირდაპირ შავს ამბობდა, იტყუებოდა და შენ უნდა გემტკიცებინა, რომ სპილო არ იყავი, ახალი მიდგომით მეტი პასუხისმგებლობა იქნება, როდესაც ვიღაცაზე რაღაცას ამბობ
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცილისწამების შესახებ დაგეგმილი ცვლილებები მეტ პასუხისმგებლობას გააჩენს საზოგადოებაში.
მისივე შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვანია.
„ეს ცვლილება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასეა. ზოგიერთი ტელევიზია თეთრზე პირდაპირ შავს ამბობდა, იტყუებოდა, მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავდა და შენ უნდა გემტკიცებინა, რომ არ იყავი სპილო, პირობითად ვამბობ. ეს წარმოუდგენელია. შეიძლება, ნებისმიერ ადამიანს მოუგონო ათასი სისულელე და მან უნდა ამტკიცოს, რომ მართალია. ახალი მიდგომა მოგვცემს იმას, რომ მეტი პასუხისმგებლობა იქნება, როდესაც ვიღაცაზე რაღაცას ამბობ. პასუხისმგებელი ხარ, წარმოადგინო კონკრეტული ფაქტები და დაუმტკიცო მას ბრალდება, რომელსაც პირდაპირი ეთერით თუ სხვა საშუალებით ავრცელებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.