კახა კალაძე - ზაზა ოქუაშვილი თავის ყოფილ ჯალათ სააკაშვილს შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს, თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას
კახა კალაძე - ზაზა ოქუაშვილი თავის ყოფილ ჯალათ სააკაშვილს შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს, თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას

„ქართულ ოცნებას“ მედიის თავისუფლების შეზღუდვას აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელმაც ძალადობით მიისაკუთრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელიც გარდაცვლილის ქონებას კლასიკური მოროდიორივით დაეპატრონა და მიითვისა ტელეკომპანია „იმედი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მმართველი გუნდის შეკრების შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გადაბრალების პოლიტიკის  თვალსაჩინო მაგალითია ტელეკომპანია „იბერიის“ გამოგონილი საქმე, რომელიც, რეალურად, სიგარეტის მწარმოებელი „ომეგა ჯგუფის“ მესვეურთა მიერ ინიცირებული და „ნაცმოძრაობის“ მიერ ატაცებული ბინძური კამპანიაა.

„ამ კამპანიის მიზანი, ერთი მხრივ, ბიუჯეტის კუთვნილი 50 მილიონის, ანუ ხალხის კუთვნილი ფულის გადაუხდელობა და, მეორე მხრივ, ხელისუფლების იმიჯის შელახვაა. საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ „ომეგას“ ბიზნესი გაანადგურა სააკაშვილმა, მან ქვეყნიდან განდევნა მისი დამფუძნებელი და პირველს სწორედ მას წაართვა ტელევიზია. ეს ბიზნესი და ტელევიზია ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით დაუბრუნდა მფლობელს და დღეს ეს ადამიანი, რომელმაც 50-მილიონიანი დავალიანება დააგროვა ბიუჯეტის წინაშე, თავის ყოფილ ჯალათს – სააკაშვილს შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას, ფარად კი ამ საქმეში ტელეკომპანიას იყენებს. „ქართულ ოცნებას“ მედიის თავისუფლების შეზღუდვას აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელმაც ძალადობით მიისაკუთრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელიც გადაცვლილის ქონებას კლასიკური მოროდიორივით დაეპატრონა და მიითვისა ტელეკომპანია „იმედი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც 2004-2012 წლებში ტოტალური კონტროლი დაამყარა მედიასაშუალებებზე.

„დღეს ყველა ხედავს, თუ რამდენად თავისუფალია მედიაგარემო საქართველოში. უსუსური ე.წ. ჩანაწერებით „ქართულ ოცნებას“ ბიზნესზე ზეწოლას აბრალებს კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ბიზნესის რეკეტი, ბიზნესმენების შანტაჟი და დაშინება, ქონების მიტაცება ყოველდღიური მოვლენა იყო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ არსებობს ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლის არც ერთი შემთხვევა და შესაბამისად, ვერავინ წარმოადგენს ამგვარი ფაქტის ვერც ერთ მტკიცებულებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მედიასაშუალებების უსუსური მცდელობა, განახორციელონ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია, წარუმატებლობისთვის არის განწირული”, – აღნიშნა კახა კალაძემ.