კახა კალაძე - ყვითელი ავტობუსების პარკი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, ძალიან მალე იქნება ჩანაცვლებული
კახა კალაძე - ყვითელი ავტობუსების პარკი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, ძალიან მალე იქნება ჩანაცვლებული

ჩვენ განვაცხადეთ არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლების შესახებ და პროცესი მიდის, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„უკვე შემოყვანილი გვყავს რვამეტრიანი, 12-მეტრიანი ავტობუსები და უახლოეს დღეებში, დამატებით გავაფორმებთ ხელშეკრულებას თორმეტმეტრიანი ავტობუსების 120 ერთეულზე. ასევე ვაპირებთ, დამატებით შემოვიყვანოთ 200-მდე 18-მეტმეტრიანი ავტობუსი, რაც ჩვენი ქალაქისთვის სიახლე იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და კრიტიკას ვერ უძლებს, ძალიან მალე იქნება ჩანაცვლებული. კალაძის განცხადებით, ქალაქის ხელმძღვანელობა ამაზე არ გაჩერდება და დამატებითი ავტობუსების შემოყვანით პრობლემა აღმოიფხვრება უბნებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს ან ცუდად მოძრაობს.

„ეს პრობლემა, რომ არის კონკრეტული უბნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, ჩვენი არასწორი ურბანული პოლიტიკის ბრალია. გაუაზრებლად ხდებოდა მშენებლობების ნებართვების გაცემა და მერე მიდიოდა გააზრება, რომ საჭირო იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შესაბამისი ნაგვის ბუნკერები, გზის გაყვანა და ა.შ. ეს იყო არასწორი ურბანული პოლიტიკა – არასწორად დაგეგმვა და გათვლა“, – განაცხადა კალაძემ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეიცვალა ურბანულ პოლიტიკაში, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქალაქის მთავრობას ამ მიმართულებით განსაკუთრებული მიდგომები აქვს და მისი მთავრობის პირობებში ვერავინ დაასახელებს ვერც ერთ არასწორად გაცემულ, პრობლემურ სამშენებლო ნებართვას.

დედაქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ „ანას ბაღს“ არანაირი საფრთხე არ ემუქრება და პირობა დადო, რომ სანამ ის და მისი გუნდი ქალაქის მთავრობაშია, არც ერთ სკვერში, პარკსა თუ სპორტულ სივრცეში არანაირი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა პირობების ინსტიტუციონალიზაცია, რომ კარგი პრაქტიკის გაგრძელება ერთი ადამიანის მერად ყოფნაზე, ან არყოფნაზე არ იყოს დამოკიდებული, კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საკანონმდებლო დონეზე ეს ყველაფერი ისე მოწესრიგდეს, რომ თბილისი ასეთი პრობლემის წინაშე არ დადგეს, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა.

„დაწყებული გვაქვს უამრავი საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტის დახმარებით, ჩართულობით და მინდა, პარლამენტს იდეალური თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, თბილისში არასდროს დაბრუნდება წლები, როცა ყველას ყველაფრის უფლება ჰქონდა“, – განაცხადა კალაძემ.

შეკითხვაზე, რამდენად რჩება ძალაში ე.წ ხრუშჩოვკების ახალი შენობებით ჩანაცვლების დაპირება, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ის არც ერთ დაპირებას არ გადადის.

„მთავარია, შევქმნათ სწორი სისტემა, როგორ მოხდეს „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება. სამწუხაროდ, ყველა რაიონში გვაქვს ასეთი შენობა-ნაგებობები. მოდით, მხოლოდ „ხრუშჩოვკებს“ არ გავუსვათ ხაზი. არის ძველი შენობა-ნაგებობები, სადაც გვაქვს მეოთხე-მეხუთე კატეგორიის ავარიულობა. უამრავი ადამიანი გვყავს გაყვანილი იჯარით და ეს თანხები არ მცირდება. პირიქით, ყოველწლიურად იზრდება და ძალიან მალე, რამდენიმე კვირაში, საზოგადოებას წარვუდგენ დედაქალაქის მერიის ხედვასა და კონცეფციას, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ მასშტაბურად ამ შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება, რითაც ეტაპობრივად, შესაძლებელი იქნება ამ პრობლემის მოგვარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.