კახა კალაძე - ყველას შეეძლო, გენგეგმაზე მიეღო დეტალური ინფორმაცია, ინდივიდუალურად მოსაწვევს ვერავის გავუგზავნიდით  
კახა კალაძე - ყველას შეეძლო, გენგეგმაზე მიეღო დეტალური ინფორმაცია, ინდივიდუალურად მოსაწვევს ვერავის გავუგზავნიდით  

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვის პროცესი სხვადასხვა ეტაპზე ღია იყო, სადაც საკუთარი შენიშვნების წარდგენა და დეტალური ინფორმაციის მიღება ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გენგეგმის საჯარო განხილვის დროს განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, გენერალურ გეგმასთან დაკავშირებული შენიშვნების გამოთქმა ყველა მოქალაქეს შეეძლო.

„ჩვენი მხრიდან გაცხადებული იყო, რომ დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს საჯარო განხილვაში მონაწილეობა შეეძლო. მერიის კარი ღია იყო და კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ყოფილა. თქვენ შეგეძლოთ, გენგეგმაზე მიგეღოთ დეტალური ინფორმაცია, ინდივიდუალურად მოსაწვევს ვერ გამოგიგზავნიდით“, –  მიმართა კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს.

მისივე თქმით, ქალაქის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული  დოკუმენტის განხილვის პროცესში ჩართულ პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ.

„როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის გრძელვადიან განვითარებაზე და ქალაქის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი უნდა მივიღოთ, სადღეგრძელოებით და ლექსებით საუბარი პოლიტიკოსების მხრიდან არასწორია. ხვალ კიდევ გვექნება შეხვედრები სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთან, ექსპერტებთან,  ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებასაც ამის შესაბამისად მივიღებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვას დღეს შეხვედრის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.