კახა კალაძე – ყველამ კეთილი უნდა ინებოს და კანონის ფარგლებში გამოხატოს თავისი მოსაზრება, სხვა ტიპის ქმედებებს ყოველთვის მოჰყვება რეაგირება

10:41, 11.07.2026

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და აქციის ჩატარების საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, თუმცა ეს არ უნდა ცდებოდეს კანონის ფარგლებს.

„სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია. ყველამ ძალიან კარგად ვიცით ეს. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ საკითხზე შეუძლია გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, თუნდაც აქცია ჩაატაროს, შეიკრიბოს რამდენიმე ადამიანი, არანაირი პრობლემა არ არის. ყველაფერს აქვს თავისი წესი, არსებობს ჩარჩოები და კანონი. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და კანონის ფარგლებში გამოხატოს თავისი მოსაზრება. სხვა ტიპის ქმედებებს, როდესაც კანონს სცდები, ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, უნდა გაემიჯნოს თუ არა საერთაშორისო ორგანიზაცია „ალდე“, რომელიც „ძლიერი საქართველო – ლელოს“ პარტნიორია, პარტიის წევრების უკანონო ქმედებებს, თბილისის მერი პასუხობს, რომ მსგავსი ფაქტი არათუ არ მოხდება, პირიქით, შეიძლება, ისევ წაახალისონ ქვეყანაში ძალადობრივი ქმედებები.

„იმის ილუზია არ მაქვს, რომ ისინი ვიღაცებს გაემიჯნებიან, ამ შემთხვევაში „ლელოს“, იმიტომ, რომ რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების სახით, რა თქმა უნდა, გარედან იმართება, გარედან აძლევენ დავალებებს, ჰყავთ თავიათი პატრონები. ისინი ამ ყველაფერს არ და ვერ გაემიჯნებიან, პირიქით, შეიძლება წაახალისონ კიდეც. ვხედავდით, როგორ ხდებოდა ბოლო წლებში ხელშეწყობა, დაფინანსება ძალადობრივი ჯგუფების, ექსტრემისტული ორგანიზაციების. ეს მოცემულობაა დღეს. ნუ გვექნება სხვა ილუზია, რომ განსხვავებულად იმოქმედებენ ან იტყვიან, რომ „ლელო“ არასწორად იქცევა ქვეყნის შიგნით და მას გააკრიტიკებენ. ეს ასე არ იქნება. პირიქით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ ქვეყანაზე ზეწოლა, ექსტრემისტული და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება. ეს არის სამწუხარო მოცემულობა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ცნობისთვის, ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით, 29 ნოემბრის ეპიზოდზე ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

მსგავსი