კახა კალაძე - ყველამ კეთილი უნდა ინებოს და განსხვავებული მოსაზრება გადმოსცეს შეურაცხყოფის გარეშე
კახა კალაძე - ყველამ კეთილი უნდა ინებოს და განსხვავებული მოსაზრება გადმოსცეს შეურაცხყოფის გარეშე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა უნდა მიეჩვიოს განსხვავებული აზრის გადმოცემას მისაღები ფორმით, შეურაცხყოფის გარეშე. 

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. 

„ზოგადად, მე ვეწინააღმდეგები ყველანაირ შეურაცხყოფას, ეს იქნება სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, კატეგორულად მიუღებელია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ვისწავლოთ განსხვავებული აზრის მოსმენა, ასევე კრიტიკა. ბევრს ჰგონია, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა კრიტიკაა. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და როდესაც აქვს განსხავებული მოსაზრება, ის უნდა გადმოსცეს ნორმალურ ფორმაში, ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო მუშაობას პირველ ივნისს შეუდგა. შსს-ს ინფორმაციით, სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა იქნება, რომლებიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნებს.