თეა წულუკიანი - ყველაფერს ვაკეთებთ კახა კალაძესთან ერთად, რომ კლუბური ცხოვრება განვითარდეს, თუმცა ეს ვერ იქნება ადგილი, სადაც პოლიცია ვერ შედის და სადაც იყიდება სიკვდილი
თეა წულუკიანი - ყველაფერს ვაკეთებთ კახა კალაძესთან ერთად, რომ კლუბური ცხოვრება განვითარდეს, თუმცა ეს ვერ იქნება ადგილი, სადაც პოლიცია ვერ შედის და სადაც იყიდება სიკვდილი

ნარკორეალიზატორების მიმართ სასჯელის დაწევა გამორიცხულია, პირიქით, მკაცრი მიდგომა გვინდა მის მიმართ, რომელიც ბედავს და სიკვდილს სთავაზობს ჩვენს მომავალს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის თემებზე მუშაობა 2013 წლიდან მიმდინარეობს და დასანანია, რომ აუცილებელი გახდა პროტესტი, რათა ზოგიერთ ნარკოლოგს გაეგო, რომ ნარკოპოლიტიკა მხოლოდ სამედიცინო თემა არ არის.

„როცა ნარკოპოლიტიკაზე ვმსჯელობთ, უნდა მოვუსმინოთ პოლიციასაც, პროკურატურასაც, მესაზღვრესაც, რომელიც დღე ერთია და რამდენჯერმე აკავებს ადამიანებს, რომელთაც შემოაქვთ ქვეყანაში ნარკოტიკი. ნარკორეალიზატორების სასჯელის დაწევა გამორიცხულია, პირიქით, მკაცრი მიდგომა გვინდა, რომელიც ბედავს და სიკვდილს სთავაზობს ჩვენს მომავალს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, მისი თქმით, ყველაფერი კეთდება თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად იმისთვის, რომ კლუბური ცხოვრება განვითარდეს. თუმცა, კლუბი ვერ იქნება ადგილი, სადაც პოლიცია ვერ შედის.

„ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ თბილისის მერთან ერთად იმისთვის, რომ კლუბური ცხოვრება განვითარდეს, თუმცა ეს ვერ იქნება ადგილი, სადაც პოლიცია ვერ შედის და ეს ვერ იქნება ადგილი, სადაც იყიდება სიკვდილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მომხმარებლების მიმართ აუცილებელია ადამიანური და ჰუმანური მიდგომა, მაგრამ ნარკოტიკი საქართველოში პოპულარული ვერ გახდება.

„რაც შეეხება მომხმარებლებს, აუცილებელია ადამიანური და ჰუმანური მიდგომა, მაგრამ ნარკოტიკი ვერ გაპოპულარულდება ჩვენ ქვეყანაში და ნარკოტიკის მოხმარება ვერ დაკანონდება ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება არა რადიკალიზმი, არამედ გონივრული მიდგომა და ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ ნაბიჯ-ნაბიჯ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას, მინისტრის თქმით, შესაბამის დაწესებულებებში არ შესულა არც ერთი საჩივარი სპეცოპერაციის შედეგად ვინმეს ფიზიკურ დაზიანებასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს იმას, რომ სამართალდამცველებმა მაქსიმალური სიფრთხილით იმუშავეს.

„რაც შეეხება სპეცოპერაციის ფორმებს, ვერ დავინახე ვერანაირი ფორმა, რადგან არ ყოფილა არც ერთი ფიზიკურად დაზიანებული ადამიანი, რომელიც საჭიროებდა სამედიცინო დახმარებას და გუშინდელი საღამოს მდგომარეობით, პროკურატურაში არ იყო არც ერთი საჩივარი შესული ფიზიკურ ზიანთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ სამართალდამცავმა სისტემამ იმუშავა მაქსიმალურად ფრთხილად. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, აქ თავად კლუბების ხელმძღვანელების თანამშრომლობა დაგვჭირდება, რომ პოლიციას არ დასჭირდეს კლუბში შესვლა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.