კახა კალაძე - ყველა თაღლითს გაეცემა შესაბამისი პასუხი, გინდ ქვეყნის შიგნით, გინდ - გარეთ
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა თაღლითს გაეცემა შესაბამისი პასუხი, ვინც არ უნდა იყოს, გინდ ქვეყნის შიგნით, გინდ ქვეყნის გარეთ. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველოს მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვებასა და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მერის თქმით, ყველა ხედავდა, როგორ ორგანიზებულად მიდიოდა შეტევა „ქართულ ოცნებაზე“.
„ყველაფერი არის ძალიან მარტივად: ის ადამიანები რასაც ეტყვიან, რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებენ. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, როგორ ორგანიზებულად მიდიოდა შეტევა „ქართულ ოცნებაზე“, არჩევნების პერიოდში როგორ ერეოდნენ. ახლა თვითონ არ მოსწონთ, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით თავიანთ ქვეყანაში და გამოდიან შეწუხებულები, როგორ შეიძლება თურმე არჩევნებში ჩარევა. სამარცხვინოები არიან უბრალოდ, რადგან საარჩევნო კამპანიის დროს პირდაპირ გაჩაღებული კამპანია ჰქონდათ და ერეოდნენ. ეს არის უსამართლობა, რასაც ხედავს ქართველი ხალხი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ყველა თაღლითს გაეცემა შესაბამისი პასუხი, ვინც არ უნდა იყოს, გინდ ქვეყნის შიგნით, გინდ ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.
ასამბლეის წევრები უფლებას იტოვებენ, აპრილში კიდევ ერთხელ გაასაჩივრონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, თუ რეზოლუციაში მოცემული პირობები არ შესრულდება. რეზოლუციის მიღების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ, „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, ხოლო საქართველო, როგორც სახელმწიფო, ცხადია, რჩება ევროპის საბჭოს წევრად.