კახა კალაძე – ყველა შესაბამისი სამსახური არის ადგილზე გამოსული და აწარმოებს სამუშაოებს, ყველგან მივალთ და ყველას დავეხმარებით ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში

04:01, 21.07.2026

ყველა შესაბამისი სამსახური არის ადგილზე გამოსული და აწარმოებს სამუშაოებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე განუცხადა, სადაც შესაბამისი სამსახურები წვიმის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად სამუშაოებს აწარმოებენ.

„მოკლე დროში ძლიერი წვიმა მოვიდა. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გარკვეულ უბნებში. ეს იყო უნივერსიტეტისა და თამარაშვილის კვეთა, ერისთავის ქუჩა. ასევე, პრობლემები იყო გურამიშვილის ქუჩაზე, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მარჯვენა სანაპიროზე. ჩვენი ყველა შესაბამისი სამსახური არის ადგილზე გამოსული და აწარმოებს სამუშაოებს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რადგან მთელი ამ დროის განმავლობაში ახორციელებდნენ შესაბამის ქმედებებს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ახლა მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ჩამოტანილია ნაშალი ქვა-ღორღი. ქუჩებზე, გამზირებზე არის დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გაფუჭებული საგზაო მონაკვეთები. ხვალიდან უკვე შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ აღდგენით სამუშაოებს. გარდა ამისა, ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებს რაც შეეხება, ყველგან მივალთ და ყველას დავეხმარებით ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი