კახა კალაძე - წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები მაღალ შეფასებებს მიიღებს
კახა კალაძე - წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები მაღალ შეფასებებს მიიღებს

წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები მაღალ შეფასებებს მიიღებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა წინასაარჩევნო კამპანია თანაბარ პირობებში ჩაატაროს.

„საერთო ჯამში, წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. თანაბარ პირობებში ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია და ეს ასეც ხდება. ყველა პოლიტიკური პარტია თავის შესაძლებლობების ფარგლებში, თავისი შეხედულებების ფარგლებში ატარებს შეხვედრებს, მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ. სამწუხაროა, ის ცალკეული შემთხვევები, რაც გვქონდა დაპირისპირებების სახით. იყო ჟურნალისტზე თავდასხმის მომენტები, რაც კატეგორიულად მიუღებელია და კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ყველა მხარდამჭერს, არ აქვს მნიშვნელობა იქნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თუ სხვა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, ძალადობა, როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური კატეგორიულად მიუღებელია. ეს არჩევნები, დარწმუნებული ვარ, მიიღებს მაღალ შეფასებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება 31 ოქტომბერს თვითიზოლაციაში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობას, კალაძის თქმით, საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობა ყველას ექნება.

„ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც ჰქონდა ბრიფინგი, მათ ახსნეს და აჩვენეს საზოგადოებას სრული მზაობა. ყველას ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ამის უზრუნველყოფაც გაკეთდება აუცილებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.