კახა კალაძე - ვულოცავ ყველას, ვისაც ჩვენი ოლიმპიელების წარმატება გაუხარდა, ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს, კიდევ იქნება გამარჯვებები
კახა კალაძე - ვულოცავ ყველას, ვისაც ჩვენი ოლიმპიელების წარმატება გაუხარდა, ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს, კიდევ იქნება გამარჯვებები

თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური ნაკრების წევრებს, გულშემატკივრებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა და ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ძალიან დიდი სიხარულია, ჩვენი ოლიმპიელები საქართველოში დაბრუნდნენ და მინდა, ყველას მივულოცო, ვისაც გაუხარდა მათი წარმატება და გამარჯვება. ემოციებით სავსე ვარ, უამრავი ადამიანია მოსული აეროპორტში და ხვდებიან ჩვენს ოლიმპიელებს. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც აქ არის ან შინიდან გულშემატკივრობს ჩვენს ოლიმპიელებს. ვისაც გაუხარდა ჩვენი სპორტსმენების გამარჯვება და ჯილდოები. ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს და დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება გამარჯვებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში დღეს დაბრუნდა ძიუდოს ნაკრები, მათ შორის: ლაშა ბექაური – ოლიმპიური ჩემპიონი; ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი – ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორები; კრივის ნაკრები, ასევე, ტყვიის მსროლელი, ოლიმპიური თამაშების ცხრაგზის მონაწილე, 1988 წლის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, რომელმაც სპორტული კარიერა ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობით დაასრულა.