კახა კალაძე - ვპირდები თბილისელებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით ამ ქალაქში პრობლემა არასდროს დადგება
კახა კალაძე - ვპირდები თბილისელებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით ამ ქალაქში პრობლემა არასდროს დადგება

ამ ქალაქში მოსახლეობას ყოველთვის სუფთა, მოწესრიგებული, სწრაფი ავტობუსები და მიკროავტობუსები მოემსახურება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვახსოვს წლების განმავლობაში ქალაქში როგორი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდა. კერძო ავტომობილების რაოდენობის გაზრდა ამანაც განაპირობა. თუმცა, ე. წ. ყვითელი ავტობუსების შემოყვანამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რადგან ეს იყო ის დრო, როდესაც არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაუბედურებული იყო. ჩვენ ვფიქრობთ მომავალზე, ამიტომაც შემოვიყვანეთ ერთ-ერთი საუკეთესო კომპლექტაციის მქონე რვამეტრიანი, 10-მეტრიანი, 12-მეტრიანი ავტობუსები და ამ შესყიდვების ციკლს დავასრულებთ 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანით. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გამოიყენოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც პრეზენტაციაზე ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, დედაქალაქში კიდევ 380 ერთეული ავტობუსი და 700 ერთეული მიკროავტობუსი შემოვა.

„ავტობუსების პარკის განახლება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დაპირება იყო. ეს მნიშვნელოვან დანახარჯებს უკავშირდებოდა, მაგრამ კახა კალაძის გუნდმა ეს შეძლო და დღეს უკვე თბილისის ჰყავს, ჯამში, 680 ერთეული, რომელიც უკვე ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას და მიმდინარეობს დამატებითი რაოდენობების – 180 ერთეული 8-მეტრიანი და 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა.

ჩვენ მოვახერხეთ 300 ერთეული მიკროავტობუსის ჩანაცვლება. დღეს უკვე თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ მოლაპარაკებები დასრულდა, ხელმოწერილია ხელშეკრულებები კომპანიასთანაც და საბანკო დაწესებულებებთანაც. უკვე შესყიდულია 700 ერთეული, რომლითაც სრულად ჩანაცვლდება მიკროავტობუსების პარკი და ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დატოვე კომენტარი