კახა კალაძე - ვინმეს თუ უნდა ხელისუფლების შეცვლა, ამისთვის არსებობს არჩევნები, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვის ანდობს ქვეყნის ბედს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია იმ ტიპის ძალადობრივი ქმედებები, რაც ხელისუფლების შეცვლის მიზნით 4 ოქტომბერს მოხდა.
მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყო ამ პროცესში ჩართული.
„ის ძალადობა, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა და ეს იმ დღეს არ დაწყებულა. თვეების განმავლობაში მიდიოდა იმის კამპანია, რომ ისინი ემზადებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებისთვის. გრძელდებოდა კამპანია, რომ ემზადებოდნენ ხელისუფლების ჩამოსაგდებად, რევოლუციის მოსაწყობად და უკვე 4 ოქტომბერს მოინდომეს ამის შესაბამისობაში მოყვანა და გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები – მიცვივდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, გადაანგრიეს ღობე, სცადეს ადმინისტრაციაში შეჭრა, თუმცა შესაბამისმა უწყებებმა დროული რეაგირება მოახდინეს. კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ქმედებები, ვინც არ უნდა იყოს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ვინმეს უნდა ხელისუფლების შეცვლა, ამისთვის არსებობს არჩევნები და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ხვალ ხელისუფლებაში და ვის ანდობს ქვეყნის ბედს“, – განაცხადა კახა კალაძემ.