კახა კალაძე - ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაღაც სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას და სასჯელისთვის თავის არიდებას, ეს არ გამოვა
კახა კალაძე - ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაღაც სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას და სასჯელისთვის თავის არიდებას, ეს არ გამოვა

შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა ყველა პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს დაცული. ეს არის სახელმწიფოს ინტერესში და რა თქმა უნდა, ამ პატიმრებში შედის პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი. მისი ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაღაც სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას, ეს არ გამოვა.

„ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაღაც სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას, შეძლებს თავი აარიდოს სასჯელს, ეს არის ტყუილი, ასე არ გამოვა. პირველ რიგში, პატიმარს ნუ შეუქმნით ამ ილუზიას და მეორე  – რა თქმა უნდა, საზოგადოებას ნუ ეტყვით ცრუ ინფორმაციას, ასე არ იქნება. მას მოუწევს კონკრეტული სასჯელის მოხდა. ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე, სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება, დაველოდოთ და შესაბამისი უწყება ყველა დეტალზე მოგაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას“, – განაცხადა კალაძემ“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მთავარი არხის ჟურნალისტმა კალაძეს კითხვა დაუსვა – როგორ შეაფასებდა კელი დეგნანის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებების გამო, სამთავრობო მედიის მხრიდან ელჩის დისკრიმინაციას.

„ჯერ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადება სად ნახეთ? ეს არის არასწორი ინფორმაცია. ნუ იტყუებით. არავის მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია.

დისკრედიტაცია თქვენგან და თქვენი დირექტორისგან რომ ხდება, ისეთი უნდა. თქვენი ტელევიზიის და უშუალოდ თქვენი დირექტორის მხრიდან რომ ხდება აშშ-ს ელჩის, ქალბატონი დეგნანის მიმართ, ისეთი უნდა“, – აღნიშნა კალაძემ „მთავარი არხის“ კითხვის პასუხად.

კალაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოში პოლიტიკოსების ერთიანობის შესახებ აშშ-ის ელჩის იმ განცხადებაზეც, რომ „ნამდვილად სასარგებლო იქნება, შეწყდეს ერთმანეთზე თავდასხმები, უკრაინისა და საქართველოსთვის ბევრად მნიშვნელოვანი იქნება, დადგნენ ერთად სასტიკი მეზობლის საფრთხის წინააღმდეგ“.

„დღევანდელ რეალობაში წარმოუდგენელია ეს ყველაფერი“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერს ასევე კომენტარი სთხოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ოპოზიციონერი დეპუტატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, მიხელ სააკაშვილმა მას უთხრა, რომ ნანობს საქართველოში ჩამოსვლას.

„კიდევ კარგია, რომ ერთ რაღაცაზე მაინც ნანობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.