კახა კალაძე – ვფიქრობ, დღევანდელ ადმინისტრაციას, ტრამპის ხელმძღვანელობით, შესწევს ძალა, მარტივად შეცვალოს ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პოზიტიურად აფასებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპასუხო წერილს საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი და მიიჩნევს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შესწევს ძალა, მარტივად შეცვალოს წინა ადმინისტრაციის მიერ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლება არის მზად და აბსოლუტურად გამჭვირვალე მეგობრობისა და პარტნიორობისთვის.
„აღნიშნულ წერილს ვაფასებთ პოზიტიურად. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით. ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე, მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა საქართველოსთან დაკავშირებით. მხედველობაში მაქვს სანქციები, რომლებიც დაწესდა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ამ სანქციების დაწესებას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. უბრალოდ, ეს იყო შანტაჟისა და მუქარისთვის გაკეთებული. დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ვფიქრობ, შესწევს ძალა, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც იყო ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ძალიან მარტივად შეცვალოს. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის. როდესაც ვსაუბრობთ პარტნიორობაზე, სტრატეგიულ ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნისა და ორივე ხალხის, როგორც ამერიკელი, ასევე ქართველი ხალხის ინტერესები უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნა და ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, ტრამპი წერილში აღნიშნავს: „მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“.