კახა კალაძე - ვერც პოლიტიკოსის და ვერც მედიაში მუშაობის სტატუსი კანონის მოქმედებას ვერ შეაჩერებს
კახა კალაძე - ვერც პოლიტიკოსის და ვერც მედიაში მუშაობის სტატუსი კანონის მოქმედებას ვერ შეაჩერებს

კანონის წინაშე ყველანი თანასწორი ვართ და მასზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი ვერ დადგება, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს.

კალაძის განცხადებით, აღნიშნულ შემთხვევაში, სახეზეა კონკრეტული დანაშაული, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა.

„როდესაც სჩადიხარ დანაშაულს, ვერც პოლიტიკოსის და ვერც მედიაში მუშაობის სტატუსი ვერ შეაჩერებს სამართლებრივ მოქმედებებს დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. სახეზეა კონკრეტული დანაშაული, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება და ბატონ ნიკა გვარამიას მიესაჯა სასჯელი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი განცხადება მოგვისმენია მისგან ჩემი განადგურების მუქარით, ბევრი სიძულვილის ენა, რაც ამ ადამიანისგან მოდიოდა, არ მიხარია არავის დაჭერა და დაკავება. იყო კონკრეტული საქმე, ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება და მივიღეთ შედეგი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან კონკრეტული თანხების გაფლანგვის ფაქტი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი მფლობელისთვის გადაცემის შეჩერების პერიოდში მოხდა.

„მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა ტელეკომპანიის გადაცემის საკითხი, ზუსტად მაგ პერიოდში მოხდა ამ თანხების გაფლანგვა და მითვისება. სამწუხაროდ, ასეა. ფაქტია ის, რომ როდესაც სტრასბურგის სასამართლომ შეუჩერა გადაცემის ფაქტი, ეს ბოროტად იქნა გამოყენებული. დამთხვევაა თუ რაც არის, ესაა რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი