კახა კალაძე - ვერავინ გაბედავს ქვეყანაში არეულობის შემოტანას, დაპირისპირებასა და სისხლისღვრას
კახა კალაძე - ვერავინ გაბედავს ქვეყანაში არეულობის შემოტანას, დაპირისპირებასა და სისხლისღვრას

ოპოზიციის წარმომადგენლები არც ისეთი სულელები არიან. იციან, არჩევნების გზით ვერ გაიმარჯვებენ და რჩებათ ერთადერთი გზა – ქვეყანაში არეულობა მოაწყონ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის ნაწილის განცხადებების შეფასებისას ისაუბრა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები რევოლუციური პროცესებისთვის მზადყოფნაზე ყველა არჩევნების წინ საუბრობენ, თუმცა ქვეყანაში არეულობასა და სისხლისღვრას ვერავინ გაბედავს.

„ეს სიახლე არაა. ჩვენ ვიცით მათი ზრახვები. ყველა არჩევნების წინ ვისმენთ მსგავს განცხადებებს. ოპოზიციის წარმომადგენლები არც ისეთი სულელები არიან და ძალიან კარგად ესმით, რომ არჩევნების გზით გამარჯვებას ვერ შეძლებენ. რჩებათ ერთადერთი გზა – ქვეყანაში არეულობა მოაწყონ. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, რომ არავის არაფერი გამოუვა და ვერავინ გაბედავს არეულობის შემოტანას, დაპირისპირებასა და სისხლისღვრას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭერს რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

„როგორ შეიძლება, ქართველმა, ღირსეულმა, თავის სამშობლოზე შეყვარებულმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს იმ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებსაც დღეს ოპოზიცია წარმოადგენს?! ეს ადამიანები დაკავებული არიან ქვეყნის მტრობით, ჯერ ბრიუსელში დარბოდნენ, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ გაგვეფორმებინა, ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეეჩერებინათ. შემდეგ კი ცდილობდნენ, ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. როგორ შეიძლება, ასეთ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს ქართველი ხალხისგან მხარდაჭერა ჰქონდეთ?!“ – აღნიშნა თბილისის მერმა.