კახა კალაძე - გუშინდელი კოალიცია არის „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილი და შეერთებული
კახა კალაძე - გუშინდელი კოალიცია არის „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილი და შეერთებული

ჩვენ ვართ ერთადერთი რეალური გუნდი, ვისაც აქვს კონკრეტული ხედვა ამ ქალაქთან დაკავშირებით, კონკრეტული გაკეთებული საქმეები ამ ოთხი წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განუცხადა.

„ვერანაირი პოლიტიკური პერფომანსი ვერ შეცვლის თბილისელების დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ და ვერანაირი პოლიტიკური პერფომანსი ვერ მოაწესრიგებს ვერც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ვერც ინფრასტრუქტურას, გარემოს დაცვის მიმართულებას, რეკრეაციულ სივრცეს. ჩვენ ვართ ერთადერთი რეალური გუნდი, ვისაც აქვს კონკრეტული ხედვა ამ ქალაქთან დაკავშირებით, კონკრეტული გაკეთებული საქმეები ამ ოთხი წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არსებულ პრობლემებს, რომლებიც ყველას გვაწუხებს, პასუხი გაეცეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ძალიან სასაცილო იყო, ადამიანი გამოვიდა და კონკრეტული ადამიანები წარადგინა, ესენი იქნებიან კონკრეტულ თანამდებობებზეო მაშინ, როდესაც საკრებულოში უმრავლესობით არის „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი და მე როდესაც გავიმარჯვებ და წარვადგენ კონკრეტულ კანდიდატებს მოადგილეებად, სამსახურის უფროსებად, ეს უნდა დაამტკიცოს ქალაქის საკრებულომ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, რატომ არ იყო გიორგი გახარიას გუნდი გუშინ წარდგენილ ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტში, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გუშინ წარდგენილი კოალიცია არის დაშლილი და შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“.

„ვერ გეტყვით. გუშინდელი კოალიცია არის „ნაციონალური მოძრაობა“, დაშლილი და შეერთებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.