კახა კალაძე - ვერ ვხედავ, რომ საქართველოში ვინმე ვინმეს ზღუდავდეს, პირიქით, გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება
კახა კალაძე - ვერ ვხედავ, რომ საქართველოში ვინმე ვინმეს ზღუდავდეს, პირიქით, გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება

ვერ ვხედავ, რომ საქართველოში ვინმე ვინმეს ზღუდავდეს, პირიქით, გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მე არ ვთვლი, რომ „რუსთავი 2“ ხელისუფლებისთვის პრობლემაა. დღეს საქართველოში გვაქვს თავისუფლება. ჟურნალისტებს არავინ არაფერს გიზღუდავთ და ამის ძალიან ბევრი ნათელი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, თუნდაც ბოლო დღეების სიუჟეტები. მე ვერ ვხედავ იმის პრობლემას, რომ საქართველოში ვინმე ვინმეს ზღუდავდეს, პირიქით, ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, არ აქვს ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე აცხადებს „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა, რომ ხელისუფლებას სურს არხის სარედაქციოი პოლიტიკაში ჩარევა.

„სარედაქციო პოლიტიკა შეუძლია გააკრიტიკოს ყველამ. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი მოსაზრება. როგორც ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ, ისე შეიძლება გავაკრიტიკოთ სხვადასხვა უწყება, სხვადასხვა კერძო ორგანიზაცია. ამაში რა არის პრობლემა? ყველა ერთნაირ აზრზე უნდა ვიყოთ და ერთნაირი მოსაზრება უნდა გვქონდეს? ჩვენ ხომ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ. ასე რომ, დემოკრატიულ ქვეყანაში იქნება აზრთა სხვადასხვაობა, იქნებიან ადამიანები, რომელთაც კონკრეტულ თემებზე ექნებათ სხვადასხვა მოსაზრებები, როგორც ეს არის მმართველ პარტიაში. ჩვენ გუნდშიც არის კონკრეტული საკითხები, რომელზეც გუნდის წევრებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.