კახა კალაძე - ვეკუა-ხიზანიშვილის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება
კახა კალაძე - ვეკუა-ხიზანიშვილის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით შიდა აუდიტმა მოკვლევა ჩაატარა და შედეგად, სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამის გარდა, იკვეთება მეორე სავარაუდო დანაშაული, კერძოდ, 500 ტონა თბოქსელის ლითონის მილების დატაცების ფაქტი, რითაც დედაქალაქმა 200 000 ლარი იზარალა.

„გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დავასრულეთ, რომელიც ხარვეზებით წარიმართა. ამასთან დაკავშირებით, შიდა აუდიტმა გარკვეული მოკვლევები ჩაატარა. იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული კონკრეტულ საკითხებზე. ამასთან მიმართებით მთავარ პროკურატურაში გადაგზავნილი იქნა დოკუმენტაცია შემდეგი მოკვლევის მიზნით. გარდაც ამისა, გამოიკვეთა მეორე სავარაუდო დანაშაული. მიწაში განთავსებული ძველი მილების ამოღება მოხდა, დასაწყობდა და ეს მილები აღარ არის, მოიპარეს. რა თქმა უნდა, ეს იყო მუნიციპალიტეტის საკუთრება. აქ საუბარი არის 500 ტონა თბოქსელის ლითონის მილების დატაცების ფაქტზე. მინიმუმ 200 000 ლარი იზარალა მუნიციპალიტეტმა. ვინმეს არ ეგონოს, რომ აქ რაღაცების გატარება მოხდება. ყველა აგებს პასუხს, ვინც ამ სავარაუდო დანაშაულში გარეულია“, – განაცხადა თბილისის მერმა.