კახა კალაძე - ვარკეთილში საერთაშორისო სტანდარტის საფეხბურთო კომპლექსი მოეწყობა
კახა კალაძე - ვარკეთილში საერთაშორისო სტანდარტის საფეხბურთო კომპლექსი მოეწყობა

ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსის მოსაწყობად, თბილისის მერიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 18 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მტავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ღირებულება არის ორი მილიონ 100 ათასი ლარი და ის ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფა-ს დახმარებით ხორციელდება.

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია პროექტზე, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ვახორციელებთ. ვარკეთილში მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი მოედანი. დაახლოებით, 300 მაყურებელზე იქნება გათვლილი ტრიბუნა, რომელიც შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი პლატფორმით იქნება აღჭურვილი. სტადიონზე დამონტაჟდება ღამის განათება და ვარჯიში შესაძლებელი იქნება ღამითაც. ასევე, მოეწყობა ტექნიკური შენობა გასახდელებით და შესაბამისი სივრცეებით. სტანდარტულ მოედანთან ერთად აშენდება ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი.

აღნიშნული კომპლექსის მოსაწყობად დაახლოებით, 18 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადავეცით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას იმ პირობით, რომ განახორციელებენ პროექტს. პროექტის ღირებულება არის ორი მილიონ 100 ათასი ლარი. ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფა-ს დახმარებით ხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.