კახა კალაძე - ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე კონკურსის პროცედურა გამჭვირვალედ და კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს
კახა კალაძე - ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე კონკურსის პროცედურა გამჭვირვალედ და კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს

ვაკის პარკის რეაბილიტაციის კონკურსის პროცედურა აბსოლუტურად გამჭვირვალედ, კანონის დაცვით მიმდინარეობს და ყველაფერი საჯაროა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვაკის პარკის რეაბილიტაციის კონკურსის გამოცხადებას მოჰყვა ძალიან ბევრი კითხვა, საუბარი იყო იმაზე, რომ კონკურსი მორგებულია რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზე.

„მინდა, ყველა ადამიანს ვუთხრა, ვინც ეჭვი შეიტანა გამოცხადებულ კონკურსში, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, კანონის დაცვით მიმდინარეობს პროცედურა და ყველაფერი არის საჯარო. საუბარი იყო, რომ თითქოს სამი თვე არ არის საკმარისი დრო, რომელშიც შესაძლებელია პროექტის განხორციელება, რაშიც ვერ დაგეთანხმებით. თუ რომელიმე კომპანიას ამის უნარები და შესაძლებლობები არ აქვს, ეს მათი პრობლემაა. როდესაც ფასთა კვლევა გაკეთდა, 9 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და გამოაცხადა დასტური, ინტერესი, რომ სამი თვის განმავლობაში შესაძლებელია ამ პარკის რეაბილიტაცია. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა ამ პროექტთან დაკავშირებით იყო ირაკლი ჟვანია. როგორც ვიცი, ის გუშინ იყო მოსული, შეხვედრა ჰქონდა მაია ბითაძესთან და შემდეგ განმარტებაც კი გააკეთა სოციალური ქსელით, რომ მისი ეჭვები გაქარწყლებულია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, მისი თქმით, დედაქალაქის მერია არასდროს გადადგამს ქალაქისთვის დამაზიანებელ ნაბიჯს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტს შეაფასებს სპეციალური კომისია. ამასთან, გენერალური გეგმის მიხედვით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტი არ უნდა გულისხმობდეს მნიშვნელოვან ცვლილებებს.

„არასდროს მივიღებთ გადაწყვეტილებას და არასდროს გადავდგამთ ნაბიჯს, რომელიც ქალაქისთვის დამაზიანებელი იქნება. გარდა ამისა, პროექტი როცა მომზადდება, არის შექმნილი სპეციალური კომისია, რომელშიც არიან ღვაწლმოსილი ადამიანები, ექსპერტები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით და მათი აზრი საინტერესოა. პარკს აქვს თავისი გენერალური გეგმა და პროექტი არ უნდა გულისხმობდეს მნიშვნელოვან ცვლილებებს, უნდა შენარჩუნდეს პარკის ისტორიული იერ-სახე, რადგან ვაკის პარკს ძეგლის სტატუსი აქვს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის თქმით, კიდევ ერთი უსაფუძვლო ბრალდება, რაც ოპონენტების მხრიდან გამოითქვა, კონკურსის პირობას ეხება, რომლის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

„ვაკის პარკი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, შესაბამისად გვჭირდება კომპანიები, ვისაც ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება აქვს. ამიტომ, გასაოცარია ფაქტი, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება. აბსოლუტურად ყველა პროექტს და რეფორმას, რომელსაც ახორციელებს დედაქალაქის მერია, ყველაფერზე ნეგატივი…  მესმის, შეიძლება ვიღაცას არ მოსწონს კახა კალაძე, „ქართული ოცნება“, ქალაქის მთავრობა, მაგრამ არსებობს თბილისი, ქალაქის სიყვარული და ვფიქრობ, პირიქით, გახარებული უნდა იყვნენ თბილისელები პროექტებით, რომელიც ქალაქში ხორციელდება. გამოჰყავთ ე.წ. ექსპერტები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნიათ, ჩვეულებრივი უქნარა ადამიანები და საუბრობენ ვაკის პარკზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ერთადერთი, რითიც დაამახსოვრეს ხალხს თავი, წითელ ბაღში დარგეს ოთხი ძირი ხე და ისიც გახმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მოწესრიგდება, როგორც ვაკის, ასევე სხვა პარკები, რომლებიც რეაბილიტაციას საჭიროებენ.

„გარწმუნებთ, მომდევნო წელს ვაკის პარკი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი“, – განაცხადა თბილისის მერმა.