კახა კალაძე - ურბანულ სამსახურში შემოსულ 800-მდე ვადაგადაცილებულ წერილზე პასუხი გაცემულია
კახა კალაძე - ურბანულ სამსახურში შემოსულ 800-მდე ვადაგადაცილებულ წერილზე პასუხი გაცემულია

დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა 800-მდე ვადაგადაცილებულ და მიმდინარე საკითხზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, თავად დაავალა ურბანულ სამსახურს, რომ ყველა შემოსულ წერილს პასუხი დროულად გასცემოდა.

„მინდა, მივმართო სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს და ვაცნობო, რომ გასულ კვირას, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა ვადაგადაცილებულ და მიმდინარე საკითხებზე მუშაობა დაასრულა. დაახლოებით, 800-მდე შემოსულ წერილს პასუხი გაეცა და დღეს ყველა განულებულია. აღნიშნული სამსახური უნდა აეწყოს ისე, რომ ვადაგადაცილებული საკითხები აღარ იყოს და სამშენებლო სექტორს პრობლემა არ შეექმნას. კომპანიებს თვეობით ლოდინი უწევდათ, რაც სერიოზულ დისკომფორტს ქმნიდა. ეს ეკონომიკისთვისაც ცუდია, რადგან სამშენებლო მიმართულება ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი უმთავრესია. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება, რომ ქალაქის სწორი ურბანული განვითარება გათვალისწინებული იყოს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს 24-საათიან რეჟიმში მუშაობისა და გადაწყვეტილების მოლოდინის რეჟიმში მყოფი საკითხების სრულად ამოწურვის გამო, მადლობა გადაუხადა.

„ყველა წერილზე პასუხი გაცემულია. მთავარია, რომ ეს პროცესი არ გაჩერდეს და ყველაფერი შეფერხების გარეშე წარიმართოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.