კახა კალაძე - უმეტეს შემთხვევაში, ავარიული კორპუსების მცხოვრებლები ითხოვენ იმაზე მეტ ფართს, სადაც დღეს ცხოვრობენ, ამის საშუალება და უფლებამოსილება მუნიციპალიტეტს არ აქვს
კახა კალაძე - უმეტეს შემთხვევაში, ავარიული კორპუსების მცხოვრებლები ითხოვენ იმაზე მეტ ფართს, სადაც დღეს ცხოვრობენ, ამის საშუალება და უფლებამოსილება მუნიციპალიტეტს არ აქვს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

ამასთან, კალაძემ ისაუბრა გამოწვევაზე, რაც დედაქალაქში არსებულ ავარიულ შენობა-ნაგებობებს უკავშირდება.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისში 10 000-მდე შენობა-ნაგებობაა, რომლებსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული.

„მინდა, დღევანდელი სხდომა დავიწყო იმ ტრაგიკული შემთხვევით, რომელიც რამდენიმე დღის წინ დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მოხდა. სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, ავარიული კორპუსის ჩამონგრევამ გამოიწვია ორი ადამიანის გარდაცვალება. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახებს, ახლობლებს. ცხადია, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. მინდა, შევეხო, ზოგადად, ავარიული შენობა-ნაგებობების თემას. ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი განმარტების გაკეთება მომიწია, თუმცა მანამდეც ბევრს ვსაუბრობდით აღნიშნულთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვეცდები, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია აღნიშნულ გამოწვევასთან, პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს ქალაქში. დედაქალაქში ავარიული შენობა-ნაგებობები ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. დაახლოებით, ათი ათასი შენობა-ნაგებობა არის, რომლებსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული და აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსები საჭიროებს დემონტაჟს, განახლებას, ახალი საცხოვრებელი კორპუსებით ჩანაცვლებას. 2021 წელს წარვუდგინეთ საზოგადოებას დაპირება, რომ დავდებდით კონკრეტულ პროგრამას, რითიც შევძლებდით, წლების განმავლობაში მომხდარიყო ამ შენობების ჩანაცვლება. ცხადია, არავის აქვს ილუზია, რომ რამდენიმე წელში შესაძლებელი იქნება ყველა ავარიული კორპუსის ჩანაცვლება. ეს შეუძლებელია, რადგან ძალიან ბევრ საცხოვრებელ კორპუსზეა საუბარი. დედაქალაქში ძალიან ბევრია ასეთი შენობა-ნაგებობა. იცით, რომელი წლიდან არის შენობები აშენებული, რომელსაც მოხმარების თავისი ვადა ჰქონდა. სერიოზული გამოწვევა გვაქვს ამ მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ ასევე განაცხადა, რომ ხშირად მცხოვრებლები უარს ამბობენ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობაზე.

მერმა მოუწოდა მოსახლეობას, გამოიყენონ ეს შანსი და ჩაერთონ პროგრამაში.

„როდესაც საუბარი მიმდინარეობს ჩანაცვლებაზე, ძალიან ხშირად, უმეტეს შემთხვევაში ვაწყდებით პრობლემას, როცა ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, სადაც დღეს ცხოვრობენ. ამის საშუალება მუნიციპალიტეტს არ აქვს და არ გვაქვს უფლებამოსილება, იმაზე მეტი ფართი შევთავაზოთ მოსახლეს, სადაც ისინი ცხოვრობენ. ეს შეიძლება გააკეთოს ინვესტორმა, თუმცა მუნიციპალიტეტის შემთხვევაში ამის უფლება და შესაძლებლობა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც თავს იკავებენ. რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე ამაზე და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა. ბევრს ეშინია, რადგან ისტორიას თუ გადავხედავთ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როცა მოხდა მოსახლეობის ვერდაკმაყოფილება. სამშენებლო კომპანიებმა, რომლებმაც აიღეს ვალდებულება წლების წინ, ვერ შეასრულეს და დააკმაყოფილეს ის შეთანხმება, რომელიც იყო მიღწეული მოსახლეობასთან. უამრავი შენობა-ნაგებობა გვქონდა დედაქალაქში, სადაც იყო დაუმთავრებელი მშენებლობები. ძალიან განერვიულებული, დაჩაგრული, გაუბედურებული იყო მოსახლეობა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ელოდებოდა, როდის მიიღებდა საკუთარ საცხოვრებელ ფართს. აბსოლუტურად მესმის ამ ადამიანების, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევებში საუბარია მუნიციპალიტეტის ჩართულობაზე, საუბარია, რომ მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო სტრუქტურა გიდგებათ თავდებში და გეხმარებათ, რომ საცხოვრებელი კორპუსი აუცილებლად იქნება აშენებული. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსახლეობას, რომელიც ასეთ ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს, არაფერი ექნება გადასახდელი. ქირით უზრუნველყოფას ახორციელებს მუნიციპალიტეტი, ვიდრე სამშენებლო სამუშაობი დასრულდება, იქნებით უზრუნველყოფილნი. დაახლოებით, წელიწად-ნახევარი, მაქსიმუმ, ორი წელი სჭირდება სამშენებლო სამუშაოების დასრულებას და ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში გადმოგეცემათ იმ ფართის ბინები, რომლებშიც ცხოვრობდით. უბრალოდ, იქნება მთლიანად გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული. ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი შანსი, შესაძლებლობა, რომ გამოვიყენოთ აღნიშნული პროგრამა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული მასში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, „ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის გარეშე შესაძლებელია მოსახლეობის გამოყვანა საცხოვრებელი კორპუსებიდან“.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს არის ასპროცენტიანი ტყუილი. კანონის მიხედვით, არავინ, მესაკუთრის გარდა, არ არის უფლებამოსილი, მართოს, განკარგოს ან რაიმე ზემოქმედება მოახდინოს მის ქონებაზე. ამის უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ მესაკუთრეს აქვს და ეს მის ნებაზეა დამოკიდებული. ეს ყველაფერი კანონით არის განსაზღვრული. გუშინ აფრიალებდნენ დოკუმენტს და მცდელობა იყო, საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, თითქოს 100-პროცენტიანი თანხმობები არ არის საჭირო ასეთ დროს და შესაძლებელია მოსახლეობის ისე გამოყვანა. კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელებულა და ასეთ შემთხვევებში საჭიროა მოსახლეობის 100-პროცენტიანი თანხმობა. რაც შეეხება საკრებულოს დადგენილებას, რაზეც „წარმატებით“ საუბრობდნენ და მოჰყავდათ „არგუმენტად“, კიდევ ერთხელ გავაკეთებ განმარტებას – ეს მხოლოდ და მხოლოდ ისეთ შემთხვევებს ეხება, როდესაც ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია, წარმოადგენს პრობლემას და ურბანულად არასწორია იქ რაიმე სახის სამუშაოს წარმოება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ 100%-იანი თანხმობის გარეშე გვაქვს მხოლოდ იმის უფლება, რომ პროცესი დავიწყოთ. მაგალითად, პროექტის მომზადება და არა ხალხის გამოყვანა შენობებიდან. აქაც საჭიროა, მოხდეს 100-პროცენტიანი თანხმობა, რომ ოჯახები გამოვიყვანოთ საცხოვრებელი კორპუსებიდან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.