კახა კალაძე - უმძიმესია ის დანაშაული, რაც სოფელ კირბალთან მოხდა, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლა ბოროტებამ, რომელსაც რუსული ოკუპაცია ჰქვია
კახა კალაძე - უმძიმესია ის დანაშაული, რაც სოფელ კირბალთან მოხდა, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლა ბოროტებამ, რომელსაც რუსული ოკუპაცია ჰქვია

უმძიმესია ის დანაშაული, რაც სოფელ კირბალთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლა ბოროტებამ, რომელსაც რუსული ოკუპაცია ჰქვია, ვუსამძიმრებ ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ დროულად მოხდეს ერთი დაკავებულის დროული გათავისუფლება.

„ეს არის ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებისგან გვერგო. დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა არის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული რუსეთის მხრიდან და მომავალში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოხდეს დეოკუპაცია, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის. პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ჩართული. უნდა გაკეთდეს შეფასებები აღნიშნულ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ, ხაზი მინდა, გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება და ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს და ყველაფერს გააკეთებს, რომ დაკავებულის დროული განთავისუფლება მოხდეს“, – განაცხადა კალაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს საქართველოს ერთი მოქალაქე, კიდევ ერთი კი გაიტაცეს.