კახა კალაძე - უხერხულია, მმართველობაზე, ნეპოტიზმსა და კორუფციაზე საუბრობდეს გახარიას პარტიის წარმომადგენელი
კახა კალაძე - უხერხულია, მმართველობაზე, ნეპოტიზმსა და კორუფციაზე საუბრობდეს გახარიას პარტიის წარმომადგენელი

ძალიან უხერხულა, მმართველობაზე, ნეპოტიზმსა და კორუფციაზე საუბრობდეს გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით კალაძემ უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლის გიორგი შარაშიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მათი ფრაქცია თბილისის საკრებულოს წინაშე ახლო მომავალში წარდგება ინიციატივით დროებითი ანტიკორუფციული კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც, მისივე განმარტებით, წერტილს დაუსვამს უამრავ, მათ შორის არაკომპეტენტურ კითხვებსა და პასუხებს კორუფციის შესახებ.

გიორგი შარაშიძის თქმით, კომისიის მიზანი იქნება თბილისის მმართველობაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის, ეფექტიანი და ქმედითი ანტიკორუფციული სისტემის დანერგვა.

კალაძემ პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელს ურჩია, პირველ რიგში, მოიძიონ ის წლები, როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი.

„ძალიან უხერხული მგონია, მმართველობაზე, ნეპოტიზმსა და კორუფციაზე საუბრობდეს გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი. ძალიან უხერხულია. რაც შეეხება კორუფციის მიმართულებას, კომისიის შექმნას, პირველ რიგში, მოიძიეთ ის წლები, როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო პრემიერ-მინისტრი, რა ხდებოდა ნეპოტიზმის და კორუფციის მიმართულებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უხერხულია, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელმა ისაუბროს მმართველობის ეფექტურობაზე, უხერხულია, გადახედეთ, წლების განმავლობაში კაცი იყო პრემიერ-მინისტრი, რა პროექტები აქვს განხორციელებული, ერთი პროექტი დამისახელეთ და მადლობას გეტყვით“, – განაცხადა კახა კალაძემ.