კახა კალაძე - ტრენდია მსოფლიოში, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან, მომავალი წლისთვის ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან
დღეიდან, 13 იანვრის ჩათვლით, ყოველდღე იქნება შესაძლებელი მობრძანდეთ აქ, საახალწლო სოფელში, სადაც დღის 12:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე გელოდებათ სხვადასხვა საინტერესო კონცერტები, წარმოდგენები, მულტფილმის გმირები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
„მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ ღონისძიების მომზადებაში. მადლობა ყველა აქ მოსულ ადამიანს. პირველი რესპუბლიკის მოედანი და ორბელიანის მოედანი იქნება ორი ლოკაცია ქალაქში, სადაც საახალწლო დღეებში 25 დეკემბრიდან 13 იანვრამდე იქნება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. აქ შესაძლებლობა გექნებათ, თქვენი შვილებით, შვილიშვილებით მობრძანდეთ და გაერთოთ“,- განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე მართლაც ღირდა თუ არა მილიონი ლარი და ჩამოიტანა თუ არა მილანიდან, კალაძემ უპასუხა: „ეჭვი გეპარებათ მაგაში?!“.
ამასთან, კალაძემ ხუმრობით აღნიშნა, რომ მომავალი წლისთვის ნაძვის ხეს ნორვეგიიდან ჩამოიტანს.
„ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მსგავსება ყოფილიყო ნატურალურ ნაძვის ხესთან. წლების განმავლობაში ნაძვის ხეს ხუფის სახე ჰქონდა. ნაძვის ხე იყო სამკუთხედი, ხუფის მაგვარი და ზოგადად, ტრენდია მსოფლიოში, თქვენ თუ დააკვირდებით, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან. მომავალი წლისთვის ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან“,- აღნიშნა კალაძემ.