კახა კალაძე თხინვალასა და ვარაზის ქუჩებს შორის მონაკვეთზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
კახა კალაძე თხინვალასა და ვარაზის ქუჩებს შორის მონაკვეთზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის რაიონში, თხინვალასა და ვარაზის ქუჩებს შორის დარჩენილ ერთკილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 440 მეტრ სიგრძეზე უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, დასრულდა ასფალტის საფარის ქვედა ფენის მოწყობა, ამჟამად კი მიმდინარეობს საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად.

„აქ გზა არასოდეს ყოფილა. მოვაწესრიგეთ სანიაღვრე სისტემა, წყლის სისტემა და ამჟამად გზის საფარის დაგება მიმდინარეობს. აპრილში დავიწყეთ პროექტის განხორციელება და სამუშაოები 10 ივლისისთვის უნდა დასრულდეს. ასევე, ვაპირებთ მეორე პროექტის განხორციელებას, ეს არის სოფელ აგარაკებამდე მისასვლელი კილომეტრნახევრიანი გზა, რომელიც უნდა მოწესრიგდეს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა რაიონში მიმდინარეობს, რაც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია „დინ გრუპი“ აწარმოებს.

მერიის ცნობით, სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 584 875 ლარი დაიხარჯება. რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 10 აპრილს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას დედაქალაქის მერთან ერთად დღეს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე გაეცნენ.