დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს.
„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც პროცესებში პირველივე დღიდან იყო ჩართული და მაქსიმალურად მხარს გვიჭერდა, ჰქონდათ სურვილი, რომ მიგვეღწია წარმატებისთვის. სამწუხაროდ, პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, თუმცა ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის. წინ მეორე ტური გველოდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ დედაქალაქის საკრებულოში 29 დეპუტატი ეყოლება, რაც მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას არ შეაფერხებს.
„2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამასთან ერთად, ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი. ამომრჩევლის 47%-მა პრაქტიკულად, ყოველმა მეორე მოქალაქემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ნდობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ. თბილისის საკრებულოშიც ჩვენი გუნდი უმრავლესობით, 29 წევრით იქნება წარმოდგენილი. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები და არ შევაფერხოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქალაქს. ეს არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. დარწმუნებული ვარ, არჩევანს ქაოსსა და განვითარებას შორის თბილისელები ამჯერადაც განვითარების სასარგებლოდ გააკეთებენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, მოწესრიგდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
„მოგეხსენებათ, მთელმა წინასაარჩევნო კამპანიამ ისე ჩაიარა, რომ დედაქალაქის განვითარებისთვის ყოველდღიური მუშაობა წუთითაც კი არ შეჩერებულა. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის დასრულებასაც მოსახლეობა ელოდებოდა, დასრულებულია. ამ ოთხი წლის განმავლობაში, მე და ჩემმა გუნდმა მყარი ფუნდამენტი ჩავდეთ იმისთვის, რომ ქალაქის განვითარება, აღმშენებლობა უპრობლემოდ მოხდეს. თბილისელები ხედავენ, რამხელა შრომა ჩაიდო იმაში, რომ დღეს თუნდაც, მოწესრიგებული, სუფთა ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ. კიდევ რამდენიმე ტენდერი უნდა დასრულდეს, რამდენიმე უნდა გამოცხადდეს და თბილისს გარანტირებულად ექნება მოწესრიგებული, ყველანაირად განვითარებული მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, ქალაქში მასშტაბური რეაბილიტაციის პროცესი არ შეჩერებულა, ბევრი დასახლება მოწესრიგდა, რისთვისაც მოსახლეობა მადლიერია.
„სანამ ოპოზიცია და მათი სატელიტი მედიასაშუალებები უსაფუძვლო თითის გაშვერით იყვნენ დაკავებული, შევძელით და 1000-ზე მეტი ქუჩა მოვაწესრიგეთ, მათ შორის ისეთები, სადაც წინა ხელისუფლებას არათუ რაიმე გაუკეთებია, არც კი შეუვლია. ამავე დროს, არ მავიწყდება, რომ თბილისში რჩება ქუჩები, რომელთა მოწესრიგება ჯერ კიდევ ვერ შევძელით და ამ მიმართულებით, არსებობს გამოწვევები. დიახ, ოთხ წელიწადში ყველა პრობლემას ვერ გავწვდით, მაგრამ თავადაც ხედავთ, რომ ქალაქში მასშტაბური რეაბილიტაციის პროცესი წუთითაც არ გაჩერებულა, არ გადაგვიდია მოსახლეობის ინტერესები გვერდით. ბევრი დასახლება მოწესრიგდა და ვგრძნობ ამ ხალხის მადლიერებას, რაც ყველაზე მეტად დასაფასებელია ჩემთვის“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ყურადღება კოოპერატიული ბინათმშენებლობებითა და დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების პრობლემაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
„შევეჭიდეთ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულების, დაუსრულებელი მშენებლობებისა და დაუკანონებელი ფართების წლობით მოუგვარებელ პრობლემებს, მძიმე მემკვიდრეობას, რაც წინა ხელისუფლების მმართველობამ დაგვიტოვა და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც შედეგს მიაღწია. დავიწყეთ საქმე, რომელმაც ათასობით ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ამის პარალელურად, დავიხსენით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში ათეულობით უკანონოდ გასხვისებული მუნიციპალური ტერიტორია, რეკრეაციული სივრცეები, სადაც სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაო უნდა განხორციელებულიყო და დღეს ამ ტერიტორიებზე პარკები და სკვერები ეწყობა. ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, სხვა პროექტებთან ერთად, დედაქალაქში მოწესრიგდა არაერთი რეკრეაციული სივრცე და აშენდა თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი საბავშვო ბაღები.
„უამრავი მიგდებული, მოუწესრიგებელი რეკრეაციული სივრცე აღვადგინეთ და დავუბრუნეთ თავისი ფუნქცია. უპირველესად, ბავშვებს, ჩვენს მომავალ თაობას დავუბრუნეთ ისინი. სწორედ ჩვენი შვილებისთვის, ოთხი წლის განმავლობაში არ გაჩერებულა ბაგა-ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია. 4 ოქტომბერს ბავშვების უმრავლესობა წავიდა ისეთ ბაღებში, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება არცერთი ევროპული ქვეყნის ბაღს კეთილმოწყობის, უსაფრთხოებისა თუ აღჭურვილობის თვალსაზრისით. კიდევ რამდენი რამ გვეთქმის, რაც ნებისმიერი ქალაქის მერმა უნდა გააკეთოს, თუ ის გულწრფელად იღებს ვალდებულებას ქალაქის მართვაზე. ამისთვის არ ვითხოვ მადლობას, ეს ჩემი და ჩემი გუნდის მოვალეობა იყო ამ წლების განმავლობაში, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ გაუკეთებელსა და გაკეთებულს შორის, დანგრეულსა და აღდგენილს შორის, განვითარებაზე ორიენტირებასა და რევანშზე ორიენტირებას შორის, მომავლის პერსპექტივასა და წარსულში დაბრუნებას შორის, არცერთი მოქალაქე არ დასვამს ტოლობის ნიშანს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, მზადაა, კიდევ ერთხელ აიღოს პასუხისმგებლობა თბილისის წინაშე და მის საკეთილდღეოდ, არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელოს.
„სწორედ იმ დაწყებული და გასაგრძელებელი პროექტების გამო, იმ დაგეგმილი და ბოლომდე მისაყვანი საქმეების გამო, რომლითაც ბევრი მოქალაქის გული გავახარეთ; თითოეული თქვენგანის გამო, ვისაც კახა კალაძე, ჩემი გუნდი ეიმედება, მზად ვარ, კიდევ ერთხელ ავიღო პასუხისმგებლობა თბილისის წინაშე. დარწმუნებული ვარ, თქვენი მხრიდან იქნება თანადგომა და მხარდაჭერა, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში, ერთად ვაკეთებდით იმ პოზიტიურ საქმეებს, რომელიც ჩვენს დედაქალაქს სჭირდებოდა. მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი ურთიერთობა და დამოკიდებულება, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. დღეს ყველაზე მეტად, რაც სჭირდება თბილისს და ჩვენს ქვეყანას, ეს არის მშვიდობა, სიმშვიდე, სტაბილურობა და ყველაზე მთავარი – ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა. ზუსტად ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ამას აუცილებლად გააკეთებს იმ კონკრეტული პროექტების განხორციელებით, რომელზეც მთელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვსაუბრობდი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.