კახა კალაძე - ტექნიკური და ხარისხობრივი ექსპერტიზის გარეშე, საპროექტო დოკუმენტაციას მსვლელობა არ მიეცემა
კახა კალაძე - ტექნიკური და ხარისხობრივი ექსპერტიზის გარეშე, საპროექტო დოკუმენტაციას მსვლელობა არ მიეცემა

არცერთ საპროექტო დოკუმენტაციას არ მიეცემა მსვლელობა იქამდე, ვიდრე არ განხორციელდება ამ დოკუმენტაციის ტექნიკური და ხარისხობრივი ექსპერტიზა, – ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მერიაში მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის შესწავლამ და ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენეს, რომ არსებული სისტემა და მექანიზმი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოს ხარისხს.

დედაქალაქის მერის განმარტებით, ორი კვირის წინ დაავალა მოადგილეებს, რომ წარედგინათ გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს ხარისხის გაუმჯობესებისა და ზედამხედველობისთვის.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, უკვე შემუშავებულია კონცეფცია, რომელსაც მთავრობის სხდომის შემდეგ მოსახლეობას გააცნობს.

„აქვე ვიტყვი, რომ სავალდებულო ხდება სატენდერო დოკუმენტაციაში, ასევე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იმის აუცილებლობა, რომ განხორციელდეს მუნიციპალური, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლი დაპროექტებისა და შესრულების ეტაპზე“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, როდესაც სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების პროცესი დაიწყება და განხორციელების ეტაპზე იქნება, განხორციელდება მუდმივი ზედამხედველობა საპროექტო დავალებების შესრულებაზე, მათ შორის ფარულ სამუშაოებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს საპროექტო გადაწყვეტილებების მაღალ დონეზე შესრულება.

„ამ ინფრასტრუქტურული პროექტებით სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები და შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ თითოეული პროექტის ხარისხი და თითოეული ადამიანის უსაფრთხოების დაცვა. მე მგონია, რომ ეს არის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი და გამგეობებსაც მინდა გთხოვოთ, მაქსიმალური ყურადღება ხარისხსა და ზედამხედველობაზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე.