კახა კალაძე - ტელეეკრანიდან მომდინარე აგრესია, ბილწსიტყვაობა ახალგაზრდებზე გადადის, პოლიტიკოსები უნდა ვიყოთ პირველი, ვინც ამაზე უარს იტყვის
კახა კალაძე - ტელეეკრანიდან მომდინარე აგრესია, ბილწსიტყვაობა ახალგაზრდებზე გადადის, პოლიტიკოსები უნდა ვიყოთ პირველი, ვინც ამაზე უარს იტყვის

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც თბილისის საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი ფიგურირებს.

კახა კალაძის განცხადებით, დავით მაჭავარიანი წლების განმავლობაში საკრებულოს პროტოკოლის უფროსია და აღნიშნა, რომ მაჭავარიანი პატიოსანი ადამიანია.

„დათო მართლაც უპატიოსნესი ადამიანია. წლების განმავლობაში საკრებულოს პროტოკოლის უფროსია. მასზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. ძალადობა არავისთვის მისაღები არ არის, თუმცა ძალიან სამწუხაროა ის, რაც მთელი საარჩევნო პერიოდში ხდებოდა. როგორი ბილწსიტყვაობა მიდიოდა, პირდაპირი ეთერიდან დედის გინებაზე იყვნენ გადასულები. არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ამის შემდეგ ვიღაცა ვიღაცას შეურაცხყოფას მიაყენებს, კატეგორიულად მიუღებელია ეს მიდგომა. ტელევიზორს ბავშვები და მოზარდები უყურებენ. ეს აგრესია, განცხადებები და ბილწსიტყვაობა შემდეგ ახალგაზრდებზეც და საზოგადოებაზეც გადადის. პოლიტიკოსები უნდა ვიყოთ პირველი, რომ ამ ყველაფერზე უარი ვთქვათ. შესაძლოა ამა თუ იმ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა ამისთვის დებატები უნდა იყოს და არა დედის გინება, ბილწსიტყვაობა და შეურაცხყოფები. რასაც დასთეს იმას მოიმკი, ხომ იცით ეს გამონათქვამი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, მისთვის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია.

„ყოველთვის ვგმობდი და ვგმობ ძალადობას. ადამიანის ბულინგი კატეგორიულად მიუღებელია, რასაც „რუსთავი 2“-ის დირექტორი გვარამია, ყოფილი გენერალური პროკურორი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს და აკეთებდა მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილისა და მისი მხარდამჭერების მიმართ. ჩარეცხვით იმუქრებოდა, ადამიანებს ემუქრებოდა, რომ ყველას დათვლის. გვარამიამ ვინ უნდა დათვალოს და ვინ უნდა ჩარეცხოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.