კახა კალაძე - მუხიანში სკვერის მოწყობის სამუშაოები არ შესრულდა, თუ კომპანია ორ კვირაში არ დაასრულებს სამუშაოებს, გააშავეთ ისე, რომ ვერც ერთ ტენდერში ვერ შეძლოს მონაწილეობა 
კახა კალაძე - მუხიანში სკვერის მოწყობის სამუშაოები არ შესრულდა, თუ კომპანია ორ კვირაში არ დაასრულებს სამუშაოებს, გააშავეთ ისე, რომ ვერც ერთ ტენდერში ვერ შეძლოს მონაწილეობა 

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გლდანის რაიონის გამგებელს, შესაბამის საქალაქო სამსახურსა და ვიცე-მერ ირაკლი ბენდელიანს დაავალა, მუხიანის მეოთხე მიკრორაიონში სკვერის მშენებლობის საკითხით დაინტერესდეს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მუხიანში, მეოთხე მიკრორაიონში, უნდა დამთავრებულიყო დაახლოებით 1000 კვ.მ ტერიტორიაზე სკვერის მშენებლობა და ეს სამუშაოები არ შესრულდა.

„ნამდვილად გულდასაწყვეტია, მესმის ყველა გარემოება, პანდემია, შეზღუდვები და ა.შ. მაგრამ ამ რთულ ვითარებაში არავის არ გაგვიჩერებია არანაირი მუშაობა და ინფრასტრუქტურული პროექტები. შეიძლება იმ ტემპით ვერ მიმდინარეობდა, მაგრამ როგორც ასეთი სამუშაოები არც ერთ პროექტზე არ შეჩერებულა. ეს კონკრეტული პროექტი, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა სამუშოები და უნდა დასრულებულიყო, დღეს არის კატასტროფულ მდგომარეობაში. აბსოლუტურად მიგდებულია, ყურადღებას არავინ აქცევს, ეს კონკრეტული კომპანია, არ ვიცი, საერთოდ რას ფიქრობს, და დღეს გვაქვს ასეთი მდგომარეობა – გაუბედურებული. მიტოვებულია სამუშაოები. სკვერი, რომელიც დღეს დასრულებული უნდა ყოფილიყო, არის ფაქტობრივად სანაგვედ ქცეული. დგება წყალი, აქ ადამიანი როგორ ჩავა ან როგორ დაისვენებს, არ ვიცი. რა დასვენებაზეა ლაპარაკი, გავლა არის შეუძლებელი. მინდა გამგებელს დავავალო, დაიბარეთ ეს კონკრეტული კომპანია დღესვე, ჩართეთ ჩვენი საქალაქო სამსახური და ირაკლი ბენდელიანიც დაესწროს ამ შეხვედრას. მიეცით ორი კვირის ვადა, ორი კვირის განმავლობაში თუ ეს პროექტი არ იქნება დასრულებული, შეგიძლიათ გააბრძანოთ, ეგეთი კომპანიები ვერ უნდა იღებდნენ მუნიციპალიტეტებისა და გამგეობების ტენდერებში მონაწილეობას.

ჩვენ გასული წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კომპანია გავაშავეთ. ის კომპანიები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცეოდნენ, და არავის მივცემთ უფლებას, მოსახლეობა ფეხებზე დაიკიდონ. ეს არ არის ნორმალური და ჯანსაღი დამოკიდებულება. თუ არ გაქვს იმის შესაძლებლობა კონკრეტული პროექტი განახორციელო, მაშინ არც ტენდერში უნდა მიიღო მონაწილეობა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ გამგეობის ტენდერში ვერ შევასრულე სამუშაოები და მერე რა, სხვა ტენდერებში მივიღებ მონაწილეობას, ძალიან ცდებიან. ბოლომდე ჩავყვებით ყველას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქალაქის მოსახლეობა დაიკიდოს ფეხებზე. ამიტომ ეს კომპანია დაიბარეთ დღესვე და მიეცით ორ კვირის ვადა, თუ ეს ვერ გააკეთებს სამუშაოებს, შეგიძლიათ გააგდოთ პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით და შეგიძლიათ გააშავოთ ისე, რომ ვერც ერთ ტენდერში საქართველოში ვერ შეძლოს მონაწილეობის მიღება. ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება და ეს არ არის სწორი მიდგომები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ ქალაქზე ყველამ ერთად უნდა იზრუნოს და რა შესაძლებლობებიც აქვს, მოახმაროს ქალაქის განვითარებას.

„მგონია, ასეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. ის, რაც კეთდება, კეთდება ყველასთვის, მიუხედავად ადამიანების პოლიტიკური განსხვავებებისა, შეხედულებებისა, ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, ეს ქალაქი არის ყველასი. სამუშაოებით და პროექტებით, რომლებიც ხორციელდება, უნდა ისარგებლოს ყველამ – მეც, თქვენც, ამ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმაც, ჩვენმა შვილებმაც, მომავალმა თაობებმა. შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულება, რომ ყველაფერი ხარისხიანად გაკეთდეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ამ გზას არ უნდა გადავუხვიოთ. ასე, რომ დაიბარეთ ეს კომპანია და ორი კვირის განმავლობაში მუხიანში ეს სკვერი ერთ-ერთი საუკეთესო უნდა იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.