კახა კალაძე - თბილისში პარკირების წესების დარღვევაზე, 10 აპრილიდან დღემდე, 36 816 ჯარიმაა გამოწერილი
კახა კალაძე - თბილისში პარკირების წესების დარღვევაზე, 10 აპრილიდან დღემდე, 36 816 ჯარიმაა გამოწერილი

თბილისში პარკირების წესების დარღვევაზე, მიმდინარე წლის 10 აპრილიდან დღემდე, გამოწერილია 36 816 ჯარიმა, რაც თანხობრივად 368 160 ლარზე მეტს შეადგენს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით,  დაახლოებით თვე ნახევარია, რაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია ეფექტიანად ახორციელებს მუნიციპალური პარკირების მენეჯმენტს და სათანადო რეაგირებას ახდენს დარღვევებზე.

„10 აპრილიდან დღემდე, პარკირების წესების დარღვევაზე გამოწერილია 36 816 ჯარიმა, რაც თანხობრივად 368 160 ლარზე მეტს შეადგენს.  ამავე პერიოდში განხორციელდა 237 ავტომობილის ევაკუაცია, ხოლო მომხმარებლის მხრიდან პარკირების საშვი 20 800 ადამიანმა აიღო და თბილისის ბიუჯეტში 520 ათასი ლარი შევიდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი შეფასებით, „თბილისის პარკინგი“ წარმატებით ახორციელებს საკუთარ უფლება-მოსილებას.

„გვახსოვს,  როგორი დამოკიდებულება იყო, გვეუბნებოდნენ, რომ ქალაქში კოლაფსი იქნებოდა, ჩვენ ვერ შევძლებდით და ვერ განვახორციელებდით პარკირების ფუნქციის შეთავსებას“, – განაცხადა თბილისის მერმა და სატრანსპორტო კომპანიას დაკისრებული მოვალეობის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

თბილისის მერიამ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა და ამ დღიდან ქალაქში პარკირების მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს.