კახა კალაძე - თბილისში მშენებლობის ნებართვები დაახლოებით 6 მლნ კვადრატულ მეტრზეა გაცემული
კახა კალაძე - თბილისში მშენებლობის ნებართვები დაახლოებით 6 მლნ კვადრატულ მეტრზეა გაცემული

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში დაახლოებით, 6 მლნ კვადრატულ მეტრ ფართობზეა მშენებლობის ნებართვები გაცემული.

მისი თქმით, მშენებლობასთან დაკავშირებით წარდგენილ საჩივრებს მერიის შესაბამისი სამსახურები განიხილავენ და ფიქსირდება შემთხვევები, სადაც მართლაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მშენებლობა.

“საჩივრები შემოდის, რომელსაც ჩვენი შესაბამისი სამსახურები განიხილავენ და ეს ჩვეულებრივი პროცესია. არის კონკრეტული შემთხვევები, სადაც მაგალითად, მოსახლეობა წინააღმდეგია ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, რომ იქ არ უნდა აშენდეს კონკრეტული შენობა-ნაგებობა. არის შემთხვევები, სადაც მართლაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კონკრეტულ ლოკაციაზე მშენებლობა, კონკრეტული პროექტის, რომელიც შეიძლება წლების წინ იქნა შეთანხმებული და დამტკიცებული, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ სახით პროექტების განხორციელება შეუძლებელი და დამაზიანებელი იქნება ქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ასეთი შემთხვევა საკმაოდ ბევრია. თითოეული პროექტი ინდივიდუალურად განიხილება, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესია.

„სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ, იმიტომ, რომ დაახლოებით 6 მილიონ კვადრატულ მეტრზეა მშენებლობის ნებართვები გაცემული“, – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ შედის. დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს.