კახა კალაძე - თბილისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფისთანავე დაიწყო
კახა კალაძე - თბილისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფისთანავე დაიწყო

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გარკვეული ძალები დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნეგატიურ ჭრილში განხილვას ცდილობენ.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ისმის სხვადასხვა შეფასება, რატომ არ დაიწყო თბილისის მერიამ აქამდე აღნიშნული სამუშაოების წარმოება.

მერმა განმარტა, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან თბილისში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის რესურსი გამოიყო.

„მიმდინარეობს შემოტევები ამ მიმართულებით. თუმცა, აქაც განსხვავებული და სიახლე არაფერი არ არის. ამ ყველაფრით დაინტერესებულია მხოლოდ ტელევიზია „რუსთავი 2“, „ნაციონალური მოძრაობის“ საკუთარი ტელევიზია და ცდილობს, მაქსიმალური დისკრედიტაცია განახორციელოს დედაქალაქის მერიის მიმართულებით და ნეგატივში გადაიყვანოს ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება. მათ ეს ნამდვილად არ გამოუვათ.

ვისმენთ სხვადასხვა შეფასებას, რომ სად იყვნენ ამდენი ხანი, რატომ არ აკეთებდნენ ამ სამუშაოებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით დედაქალაქის მთავრობაში, პირველივე დღიდან დავიწყეთ აქტიური მუშაობა და განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში, აქტიურად ვმუშაობდი პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძესთან ერთად. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოვნახეთ შესაძლებლობები, რომ 30 მილიონი ლარი წამოგვეღო და ზუსტად ეს თანხა ხმარდება იმ სამუშაოებს, რომელიც ქალაქში მიმდინარეობს. გარკვეულწილად, აღნიშნული სამუშაოები დისკომფორტს გვიქმნის, მაგრამ ყველა ვთანმხდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას მთლიანად იცვლება საკანალიზაციო მილები და ხდება წყლისა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება.

„ადგილობრივ მოსახლეობას მინდა განსაკუთრებულად მადლობა ვუთხრა, რადგან გაგებით მოეკიდნენ. ყველაზე მეტად რთულ პირობებში უწევდა მოსახლეობას ყოფნა, რადგან დღე და ღამის განმავლობაში სამუშაოები არ გაჩერებულა. ყველაფრის მოწესრიგება ფუნდამენტურად ხდება, მთლიანად იცვლება საკანალიზაციო მილები, ხდება წყლისა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება. ახლა რამდენი ცუდი სიუჟეტის გაკეთების მცდელობაც არ უნდა ჰქონდეს ამ კონკრეტულ ტელევიზიას, საზოგადოება ყველაფერს ხედავს და კიდევ ერთხელ მინდა, ამ თანადგომისთვის მოსახლეობას მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მსგავსი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და აღნიშნული პროექტების განხორციელებაში მოსახლეობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია ამ მიმართულებით და მოსახლეობის თანადგომა და მხარდაჭერა. თუმცა, ის რასაც ვისმენთ ტელევიზიებში ამ კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში, ძალიან ბევრი სიცრუე ვრცელდება, თითქოს მერიას არ აქვს კომპეტენცია, არ არიან პროფესიონალები, იყენებენ თავიანთ ე.წ ექსპერტებს, რომლებიც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობიდან“ გაძევებული იყვნენ, საზღვარგარეთ სასწავლებლად უშვებდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს უქმნიდნენ. დღეს კი, ამ ადამიანებს იყენებენ მესამე სექტორად, ექსპერტებად და იძლევიან შენიშვნებს, თითქოს არასწორ დროს დაიწყო სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი