კახა კალაძე - თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, სხვადასხვა მიმართულებით 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი დაიხარჯება
კახა კალაძე - თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, სხვადასხვა მიმართულებით 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი დაიხარჯება

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, რაც კი ბოლო წლების განმავლობაში ყოფილა – სხვადასხვა მიმართულებით 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხდა.

მისი განმარტებით, გამოკვეთილია ორი ძირითადი პრიორიტეტი – ინფრასტრუქტურა, ასევე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები.

ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია დაწყებული პროექტების განხორციელება, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას უკავშირდება.

„კონკრეტული ნაბიჯები არის გადადგმული და ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან მალე, არამარტო პარკს შევცვლით, არამედ დავამატებთ ავტობუსებს და იქ, სადაც დღეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა,  მოგვარდება და მოწესრიგდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ინფრასტრუქტურა დედაქალაქის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

„ყველა რაიონში არსებობს ქუჩები, უბნები, სადაც გვაქვს ინფრასტრუქტურის პრობლემები და თანხების დიდი ნაწილი მიმართული იქნება ზუსტად ამ პროექტების განსახორციელებლად, რომ მოვაწესრიგოთ ქუჩები, უბნები, რაიონები თავისი ყველანაირი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ასევე ჯანდაცვის და სოციალური მიმართულება, რომელიც ჩვენი ბიუჯეტის დაახლოებით 28 პროცენტი იქნება. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ რჩება ოჯახები, რომლებსაც სჭირდებათ ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა და დახმარება“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ  თბილისის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა პროგრამებით ასეთი ოჯახებისა და მოქალაქეების ხელშეწყობისთვის ყველაფერს გააკეთებს.