კახა კალაძე – თბილისის მერიის ცხელი ხაზის რეფორმა განხორციელდება, რათა სერვისი უფრო მოქნილი და ეფექტური გახდეს

11:50, 21.10.2026

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის ცხელი ხაზის მოქნილობისა და ეფექტურობის გასაზრდელად იგეგმება რეფორმა, რათა სერვისი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო სწრაფი და შედეგიანი გახდეს.

როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ცხელი ხაზის ოპერატორები ყველა ზარს პასუხობენ და რეაგირებას ახდენენ, მაინც არსებობს გამოწვებები, რაც დასახვეწია.

„მუნიციპალური სერვისების ფარგლებში, კომუნიკაციის სხვა საშუალებებთან ერთად, მოქმედებს თბილისის მერიის ცხელი ხაზი, რომლის მომსახურებითაც მოქალაქეები ყოველდღიურად ინტენსიურად სარგებლობენ. ჩვენი ოპერატორები ყველა ზარს პასუხობენ და ახდენენ რეაგირებას, თუმცა დაგეგმილი გვაქვს ცხელი ხაზის კიდევ უფრო გაუმჯობესება. მინდა, დავავალო ჩემს მოადგილე კახა აბულაძეს, რომ დაიწყოს აღნიშნულ საკითხზე მუშაობა. რამდენიმე დღის წინ, მე პირადად შევხვდი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობას და ცხელი ხაზის წარმომადგენლებს. არის გამოწვევები, რაც დასახვეწია. შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავატაროთ რეფორმა, რათა კიდევ უფრო მოქნილი იყოს ცხელი ხაზი და კიდევ უფრო სწრაფად შევძლოთ პრობლემების აღმოფხვრა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ცხელი ხაზის საშუალებით, მიმდინარე წელს მერიაში უკვე შესულია 367 000-მდე ზარი.

„2025 წლის განმავლობაში შემოვიდა 465 423 ზარი, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 71 000-ზე მეტი ზარი, მუნიციპალური ინსპექციის მიმართულებით – 36 000-მდე, ურბანული განვითარებისა და სატრანსპორტო მიმართულებით 63 000-მდე შეტყობინება; ინფრასტრუქტურის საკითხებზე 48 000-ზე მეტი ზარი, მათ შორის, საგზაო, სამშენებლო, გამწვანების მიმართულებებით. ცხელი ხაზის საშუალებით, მერია აქტიურადაა ჩართული ქალაქში წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირების პროცესში. ის ასევე კარგი ინსტრუმენტია მოქალაქეებთან პირდაპირი კავშირის დასამყარებლად, შესაბამისი და დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით და როგორც მუდმივი პროცესი, პერიოდულ ოპტიმიზაციას საჭიროებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მოქალაქეების მხრიდან ხშირია ისეთი ზარები, რომლებიც ცხელი ხაზის დანიშნულებასთან შეუთავსებელ მიმართულებებს გულისხმობს.

„აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევებში მაღალია მიმართვიანობა ისეთ საკითხებზე, რომლებზე რეაგირებისთვისაც საჭიროა უშუალოდ მერიისთვის ან შესაბამისი რაიონული გამგეობისთვის წერილობითი განცხადებით მიმართვა. ასევე ფიქსირდება ისეთი ზარებიც, რომლებიც ცხელი ხაზის დანიშნულებასთან შეუთავსებელ მიმართულებებს გულისხმობს (მაგალითად, ქონების პრივატიზაცია, კერძო დავები, მიწის სპორადული რეგისტრაცია, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული მიმართულებები, კერძო საკუთრების მოვლა-პატრონობის კატეგორიის საკითხები და სხვა). როდესაც მოქალაქე ამ კონკრეტულ საკითხზე რეკავს, რა თქმა უნდა, ოპერატორი ყველა ზარს პასუხობს და ცხელი ხაზის გადატვირთვა ხდება. შესაბამისად, მოქალაქემაც უნდა იცოდეს გარკვეული საკითხები, თუ რასთან დაკავშირებით უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი