კახა კალაძე - თბილისის მერიამ დახმარება გაუწია არა 5 ივლისის ძალადობრივი აქციის მონაწილეებს, არამედ საპატრიარქოს, რომელსაც ქაშვეთის ეკლესიაში პარაკლისი ჰქონდა დაგეგმილი
კახა კალაძე - თბილისის მერიამ დახმარება გაუწია არა 5 ივლისის ძალადობრივი აქციის მონაწილეებს, არამედ საპატრიარქოს, რომელსაც ქაშვეთის ეკლესიაში პარაკლისი ჰქონდა დაგეგმილი

თბილისის მერიამ დახმარება გაუწია არა 5 ივლისის ძალადობრივი აქციის მონაწილეებს, არამედ საქართველოს საპატრიარქოს, რომელსაც ქაშვეთის ეკლესიაში პარაკლისი ჰქონდა დაგეგმილი, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მოსახლეობასთან ონლაინ შეხვედრისას ერთ-ერთი მოქალაქე დაინტერესდა ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს 5 ივლისის ძალადობრივი აქციის მონაწილეებს თბილისის მერია ეხმარებოდა.

„თბილისის მერიამ, რა თქმა უნდა, დახმარება გაუწია არა ძალადობრივი აქციის მონაწილეებს, არამედ საქართველოს საპატრიარქოს, რომელსაც ქაშუეთის ეკლესიაში დაგეგმილი ჰქონდა პარაკლისი და მას უნდა დასწრებოდა ათასობით ჩვენი თანამოქალაქე. ცხადია, იქ სადაც არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, მერია უწევდა, უწევს და მომავალშიც გაუწევს მხარდაჭერას საქართველოს საპატრიარქოს. ამასთან, კიდევ ერთხელ ღიად ვადასტურებ ჩემი, როგორც ერთი რიგითი ქართველის დიდ პატივისცემას საქართველოს ეკლესიისადმი, რომელიც ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია და რომლის განსაკუთრებული როლი კონსტიტუციით არის განმტკიცებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მერია კანონის ფარგლებში მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს.

„მინდა ვუთხრა ყველას, რომ მცდელობა ეკლესიის დასუსტებით, მასზე იერიშით მიტანით დაასუსტონ სახელმწიფო, წარუმატებელია. არ ვიცი, რა შეფასება მივცე მუდმივ თავდასხმას ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობის მიმართ, როდესაც მედია გვაკრიტიკებს და უფრო მეტიც, გვადანაშაულებს საქართველოს ეკლესიისადმი გაწეულ დახმარებაში. ანუ თუ მათ დღის წესრიგს ავყვებით, შეგვიძლია დავეხმაროთ ყველას, გარდა ეკლესიისა. რასაკვირველია, მე როგორც თბილისის მერი, ვმოქმედებ და ვიმოქმედებ მხოლოდ კანონის და საკუთარი სინდისის წინაშე და ამგვარი ბრალდებები ვერ მოახდენს გავლენას ვერც ჩემი და ვერც ჩემი თანაგუნდელების საქმიანობაზე“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია შესაძლებლობების ფარგლებში ყველას თანაბრად ეხმარება.

„განსხვავება ჩემსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ტყუილებს ავრცელებთ, არის ის, რომ მე, ამ ქალაქის მოქმედი მერი, ვარ ყველას მერი, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. ვეხმარებით ყველას, რისი შესაძლებლობაც გვაქვს. ძალიან ბევრ კომპონენტში ჩანს ეს ყველაფერი. ზუსტად იმიტომაც გვაქვს ასეთი მაღალი თანადგომა და მხარდაჭერა, რომელსაც მოსახლეობა 2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაინახავს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

აღნიშნულ ფორმატში დედაქალაქის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან რიგით მეოთხე შეხვედრას მართავს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი