კახა კალაძე - თბილისის მერია ძალისხმევას არ იშურებს, რომ გამწვანების კუთხით არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს
კახა კალაძე - თბილისის მერია ძალისხმევას არ იშურებს, რომ გამწვანების კუთხით არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს

თბილისის მერია ძალისხმევას არ იშურებს, რომ გამწვანების კუთხით არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს, იდგმევა კონკრეტული ნაბიჯები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები, რომელსაც გარემოს დაცვის სამსახური და „ეკოსერვისის ჯგუფი“ ახორციელებენ.

„გუშინ ვიმყოფებოდით რუსთაველის გამზირზე, სადაც მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, გარემოს დაცვის სამსახურსა და „ეკოსერვისის ჯგუფს“ მადლობა გადავუხადო, რადგან მართლაც ძალიან დიდი შრომაა გაწეული, მადლობა ამ სამსახურების თითოეულ თანამშრომელს. მიხარია, რომ ასეთი პროექტების განხორციელება დაიწყო დედაქალაქში. რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, რამდენიმე დღეში არსებულ თარგებში კიდევ დამატებით 3 975 კვადრატულ მეტრ ფართობზე 550-მდე სხვადასხვა სახეობის ფორმირებული ბუჩქი დაირგვება და 1000 კვადრატულ მეტრზე გამოიცვლება ბალახი. ასევე მოწესრიგებული იქნება სარწყავი სისტემა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო „ქართუ ფონდს“, იმისთვის, რომ ქალაქს საჩუქრად გადმოსცა მწვანე ნარგავები, ის მწვანე ნარგავები რომლითაც ლამაზდება რუსთაველის გამზირი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გამწვანებით სამუშაოებში ბიზნესის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„მქონდა საუბარი ბიზნესასოციაციასთან, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა სხვადასხვა ლოკაციებზე, სკვერებში, პარკებში მიიღონ მონაწილეობა გამწვანებით სამუშაოებში, დაგვეხმარონ ფინანსურად, დაგვეხმარონ მწვანე ნერგებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა ეს არის ნარგავების მოვლა-პატრონობა. აქამდე ეს არ ხდებოდა ერთიანი სახელმძღვანელო პრინციპების დაცვით, ამიტომ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სფეროს სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავა თბილისის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების სტანდარტული აგროტექნიკური ღონისძიებების გეგმა. ეს გეგმა ხე-მცენარეების სხვადასხვა ჯგუფებისთვის ცალ-ცალკე განსაზღვრავს მოვლა-პატრონობის ღონისძიებების ტიპს, მათ ჯერადობას, განხორციელების პერიოდს, ვადებსა და მომავალში სწორედ მასზე დაყრდნობით განხორციელდება მოვლა-პატრონობის ღონისძიებები დედაქალაქის მწვანე ინფრასტრუქტურისა და არეალისათვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელს თანამშრომლების გადამზადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობას, იმისთვის, რომ ისინი დაგვეხმარნენ ჩვენი თანამშრომლების გადამზადებაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიმართულებით და ასევე დიდი მადლობა მათ ამისთვის. ასევე მადლობა მინდა, გადავუხადო გარდენიას, ბატონ ზურაბ შევარდნაძეს მარჯანიშვილის მოედანზე არსებული კუნძულის გამწვანება ბატონი ზურაბის დახმარებით მოხდა. მართლა ძალიან ლამაზია და ძალიან მიხარია, რონ ადამიანები გამოთქვამენ სურვილს ჩვენთან ერთად მონაწილეობა მიიღონ გამწვანებაში, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. მიხარია, რომ ერთად ვზრუნავთ დედაქალაქზე და მწვანე სივრცეების შექმნაზე”, – განაცხადა კახა კალაძემ.