კახა კალაძე - თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელება მნიშვნელოვანი მოვლენაა უძველესი დამწერლობის მქონე ერისთვის
კახა კალაძე - თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელება მნიშვნელოვანი მოვლენაა უძველესი დამწერლობის მქონე ერისთვის

თბილისის 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დასახელება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა დიდი ისტორიისა და უძველესი დამწერლობის მქონე ჩვენი ერისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის თბილისის, როგორც განათლების, ლიტერატურისა და ხელოვნების უნიკალური ისტორიის მქონე ქალაქის აღიარება და დაფასება.

„დღეს ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს. იუნესკო-ს გადაწყვეტილებით, თბილისი მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დასახელდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა დიდი ისტორიისა და უძველესი დამწერლობის მქონე ჩვენი ერისთვის. ეს არის თბილისის, როგორც განათლების, ლიტერატურისა და ხელოვნების უნიკალური ისტორიის მქონე ქალაქის აღიარება და დაფასება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, უწყებას, ვინც ჩართული იყო და ყველაფერი გააკეთა, რათა იუნესკო-ს დავესახელებინეთ მსოფლიო წიგნის დედაქალაქად. მინდა, ყველას ინდივიდუალურად მადლობა გადავუხადო, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებას, ეროვნულ ბიბლიოთეკას, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ საქმეში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველომ პირველივე ცდაზე მოიპოვა წიგნის დედაქალაქის სტატუსი, რადგან ბევრი ქალაქი მრავალი მცდელობის მიუხედავად ამას ვერ ახერხებს.

„ეს გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისი, როგორც მსოფლიო წიგნის დედაქალაქის სტატუსი, 2021 წლის 23 აპრილს ამოქმედდება და ზუსტად ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ეს ნიშნავს ძალიან ბევრ და დიდ ლიტერატურულ ღონისძიებას, ქალაქისა და ქვეყნის კულტურული ცხოვრებისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვას, ათასობით ტურისტს.

ცნობისთვის, როდესაც ამსტერდამში გაიმართა ეს ღონისძიება, დაახლოებით 2 მილიონი ტურისტი იყო ჩასული და ერთი მხრივ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მწერლებისთვის და პოეტებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, ტურისტული შესაძლებლობის თვალსაზრისით, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში. ასევე შესაძლებელი იქნება, საქართველოს, თბილისის სახელი გავიტანოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. პირობას გაძლევთ, დედაქალაქი აუცილებლად მომზადებული შეხვდება ამ ღონისძიებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იუნესკო-ს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულაიმ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა. შესაბამისი გადაწყვეტილება მან მსოფლიო წიგნის დედაქალაქის მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო. კომიტეტის სხდომა შვეიცარიაში 2019 წლის ივნისში გაიმართა. პროგრამის სლოგანია – „და შენი შემდეგი წიგნი არის..?“