თბილისი წლის საუკეთესო ევროპული მიმართულების კონკურსის კანდიდატია
თბილისი წლის საუკეთესო ევროპული მიმართულების კონკურსის კანდიდატია

თბილისი წლის საუკეთესო ევროპული მიმართულების კონკურსის 2020 წლის კონკურსის კანდიდატია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ევროპიან დისტინეიშენ“ არის ორგანიზაცია, რომლის კონკურსშიც სხვადასხვა ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

„ეს ორგანიზაცია არის „იბიდი“ და ჩვენი დედაქალაქიც არის მოხვედრილი ამ კონკურსში. ჩვენ ვიწყებთ ფოტოკონკურსის გამოცხადებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ განაცხადა, 30 ფოტო არის საჭირო, რათა თბილისმა კონკურსში მონაწილეობა მიიღოს.

„საჭიროა 30 ქართველი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული მაღალი ხარისხის ფოტო, რომელიც დედაქალაქს მიეძღვნება. კონკურსი უნდა გამოვაცხადოთ ამისთვის და ვთხოვთ ყველა ფოტოგრაფს, ჩაერთონ პროცესში, რადგან მნიშვნელოვანი დაჯილდოებაა და 2020 წელს ჩვენ გვაქვს შანსი, რომ გავხდეთ „ბესთ დისთინეიიშენის“ საუკეთესო ქალაქი. საუკეთესო ფოტოებს შეარჩევს ჟიური, ფოტოგრაფებმა უნდა ატვირთონ მერიის გვერდზე და ამის საშუალებით უნდა მოგვაწოდონ ფოტოები“, – განაცხადა ხუნწარიამ.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, გამარჯვებული ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდება.

„ამ კონკურსში ჩვენი კონკურენტები არიან ლონდონი, ვენა, ათენი, რომი, ამსტერდამი, პრაღა, კრაკოვი, ბრიუსელი, ვალენსია, ლუგანო და ა.შ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დედაქალაქი თავის სიტყვას იტყვის. მართლაც ულამაზესია ჩვენი ქალაქი თავისი კულტურით, შენობა-ნაგებობებით ტრადიციებით, კონკრეტული ლოკაციებით, რომელიც ადამიანებმა აუცილებლად უნდა ნახონ. ის, ვინც ერთხელ ყოფილა თბილისში, არ არსებობს მეორეჯერ და მესამეჯერ არ ჩამოვიდეს. მე უამრავი მეგობარი მყავს, ჩემი იტალიელი მეგობრები, ვინც კი ერთხელ ჩამოვიდა, შეყვარებულია ქართველ ხალხზე. ეს ჩვენი თვისებები უნდა იყოს გამოყენებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.