კახა კალაძე - თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი
კახა კალაძე - თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი

თბილისის მერია ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით არასწორ ადგილზე განთავსებული ჯიხურების მფლობელებს დამატებით ვადას განუსაზღვრავს, რათა ჯიხურებს ადგილი შეუცვალონ და ისე განაგრძონ საქმიანობა.

ჯიხურებთან დაკავშირებით კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე დღეს ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დაახლოებით 6 წლის წინ, თბილისის მაშინდელმა მთავრობამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ქალაქში დაახლოებით 2 500 ჯიხური განათავსა.

„ყველაზე ცუდი ამ გადაწყვეტილებაში იყო ის, რომ მათი დიდი ნაწილი ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით არასწორ, ზოგ შემთხვევაში, კანონმდებლობით დაუშვებელ ადგილებზეა განთავსებული, რაც პრობლემების მიზეზი ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ და განმარტა, რომ ეს პრობლემაა, როგორც მოქალაქეთათვის ფეხით გადაადგილებისას, რადგან პირდაპირ ტროტუარზეა განთავსებული, ასევე, სატრანსპორტო მოძრაობისთვის.

ამასთან, კალაძის თქმით, აღნიშნული ჯიხურების უმრავლესობას ახლახან გაუვიდა იჯარის ხელშეკრულების ვადა.

„შესაბამისად, დღეს იმ გარემოებაში გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც ეს 2 500 ჯიხური დაახლოებით ამდენივე და შეიძლება ითქვას, უფრო მეტ ადამიანს ინახავს და შესაძლოა, მათთვის ერთადერთი საარსებო წყარო იყოს, ადამიანები, რომლებიც აქედან იღებენ შემოსავალს და არჩენენ ოჯახებს. რა თქმა უნდა, რთულია ამ არსებულ შემთხვევაში მიიღო გადაწყვეტილება. კარგად მესმის ამ ადამიანების, რომ ასე მარტივად ვერ მოხდება ამ ჯიხურების აღება, მაგრამ გარკვეულ პრინციპებზე, მიდგომებზე აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც მერმა აღნიშნა, თბილისი არ უნდა იყოს და რა თქმა უნდა, არ იქნება ჯიხურების ქალაქი.

„ყველა ის ჯიხური, რომელიც თავისი მდებარეობიდან გამომდინარე არ არის პრობლემური, დარჩება თავის ადგილზე. ჩვენ თავიდან გამოვაცხადებთ აუქციონებს და ექნებათ  შესაძლებლობა. გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, ეს არის ის ჯიხურები, რომელიც არც ქვეითად მოსიარულეებს უშლის და არც სატრანსპორტო  მოძრაობას“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მისი თქმით, დეტალურად აღრიცხულია ყველა ის ობიექტი, რომელიც ქალაქგეგმარების თვალსაზრისით არასწორ ადგილზეა განთავსებული და პრობლემას წარმოადგენს.

„ასეთ ჯიხურებს მერია დამატებით ვადას განუსაზღვრავს 3-დან 6-თვემდე, მოხდება იჯარის ვადის გადაცილებიდან დღემდე უკანონოდ ყოფნის პერიოდის ლეგალიზება და მიეცემათ დამატებითი ვადა, რა დროსაც მათ ექნებათ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. არასწორად, რომ არ მოხდეს ინეტრპრეტაცია, ვიმეორებ, რომ ჯიხურები, რომლებიც არასწორ ადგილზეა განთავსებული ჩვენ არავის ვერჩით, მაგრამ უნდა გავასწოროთ, უნდა მოხდეს ადგილმონაცვლეობა და შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა,  განაგრძონ თავიანთი საქმიანობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.